„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პრემიერი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყანაში „რუსოფობიის“ ხარისხზე და ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკაზე საუბრობს.
გვარამიამ წერილი ქვეყნის ინტერესების ღალატის მანიფესტად შეაფასა. აღნიშნულს ტყუილი უწოდა და „ნაციონალური მოძრაობის“ რუსეთთან ლოიალობის გამართლება სცადა.
თუმცა, მას შემდეგ, რაც მის პოსტს საზოგადოების მხრიდან კრიტიკა და უარყოფითი შეფასებები მოჰყვა, მან შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც საზოგადოება ტროლ-ბოტების შეტევაში დაადანაშაულა.
„კობახიძის წერილთან დაკავშირებული ჩემი სტატუსის ქვეშ ისეთი ხდება ტროლ-ბოტების მხრიდან, ჩანს, შემთხვევითი არაა კობახიძის ბოდიალი რუსოფობიაზე და კონკრეტული მძიმე გაგრძელების ანონსირებად უნდა ჩავთვალოთ. ნუ, ქოცები რომ რუსების მაგინებლად საკუთარ თავს აცხადებენ და მე რუსების მოკავშირედ, სააკაშვილს კიდე მთლად რუსების გიდად საქართველოში, ეს კი გამოიყურება სახალისოდ. კოგნიტური დისონანსით აშკარად გაბრუებულები არიან ქოცები. როგორც რაჭველი ბებიაჩემი იტყოდა, შემოდგომის ბუზებივით გაბურბუსალებულები არიან და მწარედაც იკბინებიანო. PS შემოდგომის ბუზები, ისე, ზამთარში იხოცებიან”- წერს გვარამია.


