“ისინი არ არიან ოპოზიცია. იმ გადანომრილ, გადაღებილ პარტიებს ვერ წარმოვიდგენ სხვადასხვა პარტიად. ჯერ მარტო სახეებს გადახედეთ – ისინი ხომ ერთი ჯგუფია. ეს დაყოფა და რებრენდინგის მცდელობაც რაღაც დონეზე გამოუვიდათ საერთაშორისო ბინძური ჩარევის ფონზე”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.
„ისინი არ არიან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის ოპოზიციაში, ისინი არიან თავიანთი ქვეყნის ოპოზიციაში. ის პოლიტიკური სახელი და გვარები, რომლებიც არიან ამ პარტიებში, თუნდაც არაპოლიტიკური წარსულით, ყველა პირდაპირ აფილირებული იყო „ნაცმოძრაობასთან“.
ჩვენი საზოგადოება ელოდება, რომ ქვეყანაში უნდა გაჩნდეს ჯანსაღი პოლიტიკური ოპოზიცია, რომელსაც ექნება ეროვნული ღირებულებები და აქ იქნება სრული თანხვედრა.
არის ძალიან ბევრი საკითხი, რომელზეც შეიძლება ოპონირება გასწიო მმართველ გუნდთან და მმართველ გუნდსაც სჭირდება ჯანსაღი პოლიტიკური ოპოზიცია, რომ შევიდეს ჯანსაღ პოლიტიკურ ოპონირებაში. ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება აგენტურა. ჩვენს ქვეყანას სჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია“, – აღნიშნა კირცხალიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, საქართველოში ჯანსაღი ოპოზიცია მას შემდეგ გამოჩნდება, რაც აგენტურა, თავის პატრონებთან ერთად, პოლიტიკურ ველს მოსცილდება.


