ირაკლი კობახიძე: “ივნისის თვეში 8,6% იყო ეკონომიკური ზრდა. ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელმა 7,9% შეადგინა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა სამომავლოდაც”

33

“ივნისის თვეში გვქონდა კარგი მაჩვენებელი – 8,6% იყო ეკონომიკური ზრდა. ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელმა შეადგინა 7,9%, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა სამომავლოდაც”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

„ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნების პარალელურად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა გაზარდეს თავიანთი პირვანდელი პროგნოზი, რაც ასევე მნიშვნელოვანია და ეს შედეგები არის, ერთი მხრივ, წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი და, მეორე მხრივ, იმის შედეგი, რომ ჩვენ მოვახერხეთ კორუფციის აღმოფხვრა ხელისუფლების მაღალ დონეზე.

ქვედა დონეზე მუდმივად უნდა გაგრძელდეს მუშაობა კორუფციასთან საბრძოლველად, მაგრამ ჩვენ პრინციპული გარდატეხა შევიტანეთ მართვის სისტემაში. ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, გარდა წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკისა, დაკავშირებულია კორუფციის აღმოფხვრასთანაც.

ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ეკონომიკის მინისტრს და მის გუნდს. მათი წარმატებული მუშაობის შედეგია ეს წარმატებები, რომელიც გვაქვს ჩვენ ეკონომიკის სფეროში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.