“ქართველი საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით არის გამძაფრებული გარედან დაფინანსებული ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, რაც სხვადასხვა პროპაგანდისტული მეთოდით იმართება, დავალებებს კი ადგილზე პასპორტით ქართველი, არსით და რაობით კი უსამშობლო აგენტურა, ეგრეთ წოდებული ოპოზიცია ასრულებს”, – წერს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.
„გარედან მართულ ამ საშიშ პროცესებს აქვს კიდევ ერთი მიზანი – საზოგადოება დაზაფრონ, დააშინონ, მუდმივად ნეგატიური ამბებით დაამძიმონ ფონი, რათა შემდგომ მარტივად მოახდინონ ხალხზე მანიპულაცია.
ცხადია, ამ ყველაფერს გონიერი ქართველი ხალხი არ წამოეგება, მაგრამ ის ფაქტი, რომ გარედან მართული ფსევდო მედია დღეს სწორედ ამ დავალებას ასრულებს, ცალსახაა.
ალბათ, ბოლო პერიოდში ბევრჯერ გსმენიათ უცხოეთიდან დაფინანსებული მედიით, რომ თითქოს, საქართველოში მუდმივად მკვლელობები ხდება და კრიმინოგენური სიტუაცია უკონტროლოა.
სინამდვილეში, ყველაფერი პირიქითაა. ის ხალხი, ვინც დღეს კრიმინალზე პროპაგანდას ეწევა, რეალურად, წარმოადგენს წინა ხელისუფლებას, რომლის დროსაც მართლაც რომ კატასტროფული სიტუაცია იყო.
ქვემოთ მოცემული ბანერი ასახავს მკვლელობის სტატისტიკას და კარგად ჩანს, რომ დღეს საქართველოში ეს უმძიმესი დანაშაული მინიმუმამდეა დაყვანილი, ხოლო განხსნის მაჩვენებელი, პრაქტიკულად, 100%-ს უტოლდება.
ამ დროს, “ნაცმოძრაობის” მმართველობის პირობებში, წელიწადში საშუალო სტატისტიკის მიხედვით, ყოველ დღე კლავდნენ ადამიანებს, ხოლო გახსნის მაჩვენებელი იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი.
აი, ეს ხალხი პროპაგანდირებს დღეს კრიმინალური სიტუაციით, ამ დროს კი, საქართველო 2026 წელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა!“ – წერს იონათამიშვილი.


