ქვეყნის იმიჯის დაზიანება და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ დისკრედიტაციული შინაარსის შემცველი ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო.
სუს-ის ინფორმაციით, საქმე ეხება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ე.წ. ბოტ-ანგარიშებით, დისკრედიტაციული შინაარსის შემცველი ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, რაც საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანებას ემსახურება.
მმართველი გუნდის განცხადებით, არსებობს ეჭვები, რომ საბოტაჟში მონაწილეობს როგორც უცხოური ქვეყნის სპეცსამსახურები, ისე, შიდა რადიკალური ძალები, რომლის მიზანიც ქვეყნის დაზიანებაა.
“პლაჟზე დადიან და ყვირიან: “თუ ვინმე აქ რუსები ხართ, სასურველი სტუმრები არა ხართ” და ასე შემდეგ. მე არასდროს არ მწამდა შეკვეთით პატრიოტებისა.
2008 წელს დადიოდა იგივე პიროვნება და ყვიროდა ამას, როდესაც მაშინ სახელმწიფო მეთაური ღვინოებით ხვდებოდა ქართულ საზღვარზე რუს ტურისტებს და იწვევდა აქ? დადიოდა და ეუბნებოდა, – პრეზიდენტო, ნუ აკეთებ ამას, ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია მოხდა? როგორ, პატრიოტიზმი მაშინ გაეღვიძათ, როცა სხვა ქვეყნის ოკუპაცია მოხდა და სხვა ქვეყნის მიწების ოკუპაცია მოხდა? და საქართველოს ოკუპაცია არაფერს არ ნიშნავდა – ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია? და, მაშინ უნდა დახვედროდნენ ღვინოებით და იმ მოსაწვევებით მათ, რუს ტურისტებს? ამიტომ არ დაიჯეროთ, რომ ვინმე აქ პატრიოტია.
შეკვეთით პატრიოტები არ არსებობენ. პატრიოტი ან ხარ, ან არა ხარ. ეს ხალხი არიან უცხო ქვეყნის აგენტურა და აღმსრულებლები იმისა, თუ როგორ დაანგრიონ ქართული ეკონომიკა, როგორ ჩაშალონ ტურისტული სეზონი საქართველოში და ასე შემდეგ.
ყალბი ექაუნთები შექმნეს და იქ წერენ, თითქოს აბინძურებენ საჭმელს, თუ რუსი ტურისტი რესტორანში შევიდა. მერე, როდესაც ამოწმებენ ამას, აღმოჩნდება, რომ ასეთი ადამიანი ბუნებაში არ არსებობს. ასეთი ადამიანები ბუნებაში არ არსებობენ. შესაბამისად, ვერც ვერაფერს დააბინძურებდნენ.
მათი ზოგადი მიზანი რა არის: ხედავენ, რომ იგივე საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზი არის ძალიან დადებითი; რომ ჩვენი ეროვნული ეკონომიკა წლების განმავლობაში გაიზრდება, საუკეთესო მაჩვენებლები გვაქვს პროგნოზისა 2030 წლამდეც, იმის იქითაც და, რა თქმა უნდა, ამ უცხო ქვეყნის აგენტურას და, პირველ რიგში, მათ პატრონებს აწუხებთ, რომ ეს არ მოხდეს საქართველოში. ვის უნდა დამოუკიდებელი ეკონომიკის მქონე საქართველო? ასე ხომ კიდევ უფრო ძნელი სამართავი იქნება, არა? ასე ხომ უფრო ნაკლებად მოახვევენ თავის ნებას თავს. და, ამიტომ, ვისაც საქართველოს მომავალი არ აინტერესებს, ვისაც მხოლოდ თავისი პატრონების ინტერესები აინტერესებს, რა თქმა უნდა, ისინი დაინტერესებულები არიან, რომ, როგორც პოლიტიკურად იყოს დამოკიდებული საქართველო, ისე ეკონომიკურადაც იყოს აბსოლუტურად დეგრადირებული – იმიტომ რომ ასე ადვილი სამართავი იქნება.
მე მივესალმები სუს-ის მიერ ამ გამოძიების დაწყებას და იმედს გამოვთქვამ, რომ ბოლომდე მიიყვანენ ამ საქმეს”, – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.


