“ყაზახეთი ნავთობის ექსპორტისთვის დამატებით მარშრუტებად განიხილავს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-სუფსის მარშრუტებს და კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტრანზიტს”, – განუცხადეს ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროში სააგენტო “ინტერფაქს-ყაზახეთს” .
სამინისტროში აღნიშნეს, რომ “კასპიის მილსადენის კონსორციუმის” არასტაბილური მუშაობის ფონზე, ყაზახეთი საქართველოს ნავთობის ექსპორტის დამატებით მიმართულებებად განიხილავს.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი ეკატერინე სისაური აცხადებს, რომ საქართველო სრულ მზადყოფნაშია, ყაზახეთიდან ნავთობის გაზრდილი მოცულობების გატარების შემთხვევაში, უზრუნველყოს ტრანზიტი როგორც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ისე ბაქო-სუფსის სატრანზიტო მილსადენებით:
“განსაკუთრებით აღსანიშნავია პერსპექტივები ბაქო-სუფსის სატრანზიტო მილსადენის დატვირთვასთან დაკავშირებით, რაც მიმდინარე წელს აზერბაიჯანულ მხარესთან მიღწეულ შეთანხმებებს უკავშირდება.
ბოლო წლებში ბაქო-სუფსის ნავთობსადენით არ ხდებოდა ნავთობის ტრანზიტი და, შეთანხმების საფუძველზე, მილსადენი დაიწყებს სრულად ოპერირებას და ფუნქციონირებას და უზრუნველყოფს ყაზახური ნავთობის შეუფერხებელ მიწოდებას საერთაშორისო ბაზრებზე.
რაც შეეხება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დატვირთულობას, გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წელს იგეგმება სატრანზიტო ნაკადების მნიშვნელოვანი ზრდა”, – აცხადებს ეკატერინე სისაური.
ცნობისთვის: ყაზახეთის ეროვნულმა ნავთობისა და გაზის კომპანიამ, 2026 წელს, 2025 წელთან შედარებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ნავთობის ექსპორტის 31%-ით გაზრდა დაგეგმა.


