“რეზოლუციაზე რომ იყო საუბარი, რეზოლუციაში რა წერია? – რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო-საომარი მოქმედებები დაიწყო ქართულმა მხარემ, სააკაშვილის ხელისუფლებამ. ამაზე თავად მოაწერეს ხელი. ეს განახორციელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ხელი მოაწერა ამას, რომ მათ დაიწყეს ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში, სადაც შემდეგ საპასუხო რეაქცია მოჰყვა რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ამას მოაწერა ხელი „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ეს არის ფაქტი”, – განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს შინდისში.
„მთავარი საკითხი საზოგადოებას მინდა ვუთხრა – ეს არის აუცილებელი. სწორედ კითხვის ასეთი მიამიტური დასმა – ომი ვინ დაიწყო – იმას გულისხმობს, რომ ჩვენ ბოლომდე არ გვქონდეს გააზრებული და გამოძიებული მათი დანაშაულის შესახებ, რომ მათმა უგუნურმა ქმედებებმა გამოიწვია ის, რომ ჩვენ დავკარგეთ დამატებით 120 სოფელი, დავკარგეთ 30 ათასი ადამიანის სახლ-კარი. მტერს რომ უწოდებენ რუსეთს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ქმედებების შემდეგ რუსეთი ოკუპანტი არ გამხდარა, რუსეთი გახდა მათთვის პარტნიორი.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში საქართველოს ხმა რომ სჭირდებოდათ, მათ მიიღეს ეს ხმა. რუსეთი გახდა მფლობელი ჩვენი სტრატეგიული ობიექტების, რომლებიც პირდაპირი წესით მიყიდეს. ხოშტარია, ჯაფარიძე გამოდიოდნენ: “რუსულ ფულს სუნი არ აქვს, მივესალმებით რუსულ ინვესტიციებს, რუსულ ტურისტებს საქართველოში”. ორმაგ სტანდარტზე მაქვს საუბარი.
ეს უტიფარი ხალხი, რომელიც დღეს გამოდის და გვიშლის საერთოდ საუბარს, – თქვენ როგორ ბედავთო… პირდაპირ რუსოფობიით არიან დაკავებულები. დაგვდევენ მიკროფონებით, რაიმე სახით წამოგვაცდენინონ, რომ თურმე, ჩვენ ვაღიარებთ და პარტნიორები ვართ რუსეთის. სწორედ ანწუხელიძის გმირობის შემდეგ, აი, ამ ბიჭების გმირობის შემდეგ მაშინდელი ხელისუფლება დაუთბა რუსეთს. რატომ დაუთბა, იცით? ვისი გავლენის ქვეშაც არიან, მათი დავალება იყო. მათი დავალება უნდა შეესრულებინათ. მაშინდელი გარემოება იყო, რომ რუსეთთან უნდა ყოფილიყო პოლიტიკის დათბობა. მაშინ არ ახსოვდათ არც ანწუხელიძე, არც შინდისის გმირები, არც ამდენი დაღუპული ჩვენი გმირი.
ძალიან მარტივად არის ეს ყველაფერი დასანახი: როდესაც დაკვეთა მიიღეს, მაშინ გახდა რუსეთი პარტნიორი.
როდესაც დაკვეთა მიიღეს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რომ აუცილებელი იყო აგრესია, იგივე მოქმედებების განხორციელება, მეორე ფრონტის გახსნა… მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ: დღეს საქართველოს ჰყავს ეროვნული ინტერესის მატარებელი ხელისუფლება, რომელიც არაფრის დიდებით არ დაუშვებს არავის კარნახით აქ მოქმედებას.
საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.
სწორედ აქ მიდის ბრძოლა, რათა ჩვენს საზოგადოებაში გააჩინონ სიძულვილი, ზიზღი, რომ როგორმე მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება და აქ გაიხსნას მეორე ფრონტი. ეს არაფრის დიდებით არ მოხდება“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.


