“სამწუხაროა, როდესაც ჩვენს ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ აგენტურული ოპოზიცია, მათთან აფილირებული NGO სექტორი და კულტურის სფეროს რიგი წარმომადგენლები ინარჩუნებდნენ რუსეთის მიმართ ნორმალურ დამოკიდებულებას და ეს დამოკიდებულება მკვეთრად მხოლოდ მაშინ შეიცვალა, როდესაც რუსეთმა ანალოგიური უკრაინის მიმართ განახორციელა”, – წერს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.
„აგენტურული ოპოზიციის და მათთან აფილირებული NGO-ების შემთხვევაში, ცალსახად, დაკვეთას აქვს ადგილი, ხოლო კულტურის წარმომადგენლების შემთხვევაში, ეს ზოგ შემთხვევაში დაკვეთაა, ზოგ შემთხვევაში კი – ტრენდზე აყოლა, თუმცა, მსუბუქად რომ ვთქვათ, არცერთი არ არის ჯანსაღი.
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვაფიქსირებ ჩემს პატივისცემას ანსამბლ „სუხიშვილების“ სასცენო მოღვაწეობის მიმართ. თავისი უზარმაზარი ღვაწლით ჩვენი კულტურის წინაშე, ეს ანსამბლი ჩვენი იდენტობის განუყოფელ ნაწილად იქცა. თუმცა, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ რუსეთში ჩასვლა არ არის პრობლემა და ეს მიუღებელი მხოლოდ უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ხდება, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა: ეს დაკვეთაა თუ ტრენდზე აყოლა?!“ – წერს მაჭავარიანი.


