თავდაცვის მინისტრმა სამხედრო ჰოსპიტალში ახალი ამბულატორიული შენობა, სრულად რეაბილიტირებული საოპერაციო ბლოკი და სხვადასხვა სამედიცინო დეპარტამენტი დაათვალიერა

31

თავდაცვის მინისტრი სამხედრო ჰოსპიტალში მიმდინარე სიახლეებს გაეცნო. ირაკლი ჩიქოვანმა ახალი ამბულატორიული შენობა, სრულად რეაბილიტირებული საოპერაციო ბლოკი და სხვადასხვა სამედიცინო დეპარტამენტი დაათვალიერა.

ჰოსპიტლის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე, მინისტრმა კლინიკის განვითარების მრავალწლიანი გეგმა და ინოვაციური სერვისების დანერგვის საკითხები განიხილა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განახლებული ინფრასტრუქტურა პაციენტებს საშუალებას აძლევს, თანამედროვე სერვისები და კვალიფიციური მომსახურება ერთ სივრცეში მიიღონ.

„დღეს ვიმყოფებოდი გორში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში და ხელმძღვანელობისგან განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მივიღე.

მათთან განვიხილე სამედიცინო დაწესებულების ტექნიკური შესაძლებლობების განახლებისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მასშტაბური გეგმა, რომელიც რამდენიმე წელზეა გათვლილი. ასევე, დაგეგმილია ახალი სამედიცინო სერვისების დანერგვა, რაც მნიშვნელოვანი სიახლე იქნება რეგიონისთვის და კიდევ უფრო გააუმჯობესებს პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების ხარისხს.

დავათვალიერეთ ახალგახსნილი ამბულატორიული შენობა, სადაც ჩვენს სამხედროებსა და სამოქალაქო პირებს თანამედროვე დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარებისა და ჰოსპიტლის კვალიფიციური ექიმების კონსულტაციების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

გავეცანით ჰოსპიტალის განახლებულ ინფრასტრუქტურას, სადაც სრულად განახლდა და აღიჭურვა კრიტიკული მედიცინის, ზოგადი ქირურგიის და ტრავმატოლოგიის დეპარტამენტები, ასევე საოპერაციო ბლოკი.

ჩვენი პრიორიტეტია, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეების დაფასების მიზნით, გავაძლიეროთ მათი სოციალური უზრუნველყოფის პირობები, მათ შორის, თანამედროვე ჯანდაცვის სერვისები, სადაც მათ სრულყოფილი და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა ექნებათ“,- განაცხადა ჩიქოვანმა.