თბილისის საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, თანამედროვე და ხარისხიანი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, სხვადასხვა ტიპის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად ხორციელდება.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად განახლდება რამდენიმე საჯარო სკოლის ეზოები და სასწავლო სივრცეები. შესრულდება შენობის გადახურვის, საკლასო ოთახებისა და სველი წერტილებისა განახლების სამუშაოები.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, თბილისის ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად რამდენიმე პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
თბილისის ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ მადლობა გადაუხადა განათლების სამინისტროს, რაიონულ გამგეობებსა და შემსრულებელ კომპანიებს და აღნიშნა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მაღალი ხარისხით სრულდება.
„დედაქალაქის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს სკოლების სარემონტო სამუშაოები. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, სკოლები ინფრასტრუქტურულად გამართული იყოს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მაღალი ხარისხით შესრულდეს. უახლოეს მომავალში აღნიშნული პროექტები დასრულდება და სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, სწავლა ღირსეულ პირობებში გააგრძელონ.
მინდა, მადლობა გადავუხადო განათლების სამინისტროს, რაიონულ გამგეობებს და კომპანიებს, კოორდინირებული მუშაობისთვის“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
განათლების მინისტრთან და ვიცე-მერთან ერთად, საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოების პროცესს საქართველოს პარლამენტის წევრები, დედაქალაქის მერის მოადგილე კახა აბულაძე, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე, დედაქალაქის შესაბამისი რაიონების გამგებლები გაეცნენ.




