„ჩვენ ვიცით, რა როგორ იყო რეალურად, იგივე რეზოლუცია როგორ იქნა მიღებული, პროცესები როგორ დაიწყო.ცხადი და ნათელია, რომ ყველაფერი იმ პოლიტიკის შედეგია, რასაც სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ახორციელებდა. ქვეყანას შეეძლო ომის თავიდან არიდება, თუმცა სააკაშვილის ავანტიურამ მოგვიტანა ის უბედურება, რაც მივიღეთ 2008 წელს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნის დავით საყვარელიძის მიერ 2008 წლის ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების შესახებ.
„რა თქმა უნდა, ეს გარედან წამოსული დაკვეთა იყო, ისინი გადაწყვეტილებებს მარტო ვერ იღებდნენ, ისინი წარმოადგენენ ქვეყანაში აგენტურას, ჰყავთ თავიანთი გარე პატრონები, „დიფ სთეითის“ სახით. უმძიმესი შედეგი მივიღეთ 2008 წელს და დღესაც ვერ მოგვიშუშებია ის ჭრილობები.
დღევანდელი გადმოსახედიდან უკვე ყველა კარგად ხედავს, რამდენად საშიში იყო სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ხელისუფლებაში და დღეს რამდენად საშიშია ოპოზიციაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დავით საყვარელიძემ განაცხადა: „რუსეთი მაინც მოუმზადებელი იყო 2008 წელს, არ ჰქონდათ საქართველოს დაპყრობის გეგმა ბოლომდე დამუშავებული, ისინიც ქაოტურად მოქმედებდნენ, კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები“.


