შალვა პაპუაშვილი ისლანდიის მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების უარის შესახებ: „ეს არის ბრიუსელის დღევანდელი ხელმძღვანელობის პოლიტიკის კრახი – ამ ქვეყნის მოსახლეობას მოლაპარაკებების განახლებაც კი არ უნდა ევროკავშირთან“

37

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს გამოეხმაურა.

„ისლანდიელმა ხალხმა რისკი დაინახა იმ პროცესში, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებულიყო. რეფერენდუმის შედეგი აჩვენებს ძალიან მყარად ერთ რამეს: ეს არის ბრიუსელის მხრიდან ნდობის დაკარგვა სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობაში. სწორედ ეს არის უნდობლობა ბრიუსელის და ევროკავშირის მიმართ, რაც გამოიხატა ამ რეფერენდუმის შედეგით, როდესაც ისლანდიის მოსახლეობამ უარი თქვა მოლაპარაკებების განახლებაზე. ამაზე ხომ ჯერ გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღოთ, რომ ჯერ გაწევრიანდნენ თუ არა. მოლაპარაკებები განაახლონ თუ არა, ამაზეც კი უარი თქვეს, იმდენად დიდია უნდობლობა ევროკავშირის მიმართ. იმიტომ, რომ ბრიუსელმა, ვინც დღეს მართავს, იმ პოლიტიკურმა თუ ადამიანთა ჯგუფებმა,
საკუთარი უმწიფარი საგარეო პოლიტიკით, თავქარიანი შიდა პოლიტიკით მიაღწიეს იმას, რომ ქვეყანა ისლანდია, რომელიც არის ევროკავშირის ეკონომიკური გაერთიანების წევრი, არის ნატო-ს წევრი ანუ ბევრი მხრივ არის ინტეგრირებული… და აქ ჩნდება კითხვა: თუკი ასეთი ინტეგრაციაა, რაღა უდგას წინ, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს, აი, მათაც კი უარი თქვეს მოლაპარაკებების განახლებაზე, იმდენად დიდია უნდობლობა. და რით არის ეს უნდობლობა გამოწვეული? – იმით, რომ თუ გახდებიან ევროკავშირის წევრები, თავისი სუვერენიტეტის ნაწილს დაუთმობენ ბრიუსელს. შემდეგ შეიძლება ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს ბრიუსელმა, რომელიც მათ დააზიანებს. ამის მიმართ აქვთ უნდობლობა. უნდობლობა აქვთ ევროკავშირისა და ბრიუსელის მიმართ იმ ცვლილებებისთვის, რომელიც დაგეგმილია.

მარტა კოსმა განაცხადა, რომ მზად არის პაკეტი წინადადებებისა, რომელიც ეხება ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღებას, რეფორმის პროცესს და დაანონსებულია, რომ შეიძლება, წევრ ქვეყანას, უბრალოდ, ჩამოართვან ხმის უფლება. ისლანდიელი ხალხი ამას უყურებს, რომ თუკი დღეს წავლენ ამ ნაბიჯზე, აღარ აქვთ ნდობა, რომ ხვალ შეიძლება მიიღონ გადაწყვეტილება და რამდენიმე ქვეყანამ ხმა ჩამოართვას და მათ გარეშე მიიღონ გადაწყვეტილებები. ეს არის კრახი ბრიუსელის დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობისა, რომ ქვეყანა, რომელიც არის ინტეგრაციის ძალიან მაღალ დონეზე ევროკავშირთან, არის ნატო-ს წევრი, ამ ქვეყნის მოსახლეობას არ უნდა არათუ წევრობა, არამედ მოლაპარაკების განახლებაც კი. აქაც კი რისკს ხედავენ. შეიძლება ისეთ რაღაცაში შევიდნენ, რაც დააზიანებს მათ ინტერესებს. ეს არის ის შედეგი, რომელსაც ჩვენ ვწინასწარმეტყველებდით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის: ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი თქვა. ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი 29 აგვისტოს ჩატარდა. მოსახლეობის 52,8%-მა ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა.