„ვხედავთ, რომ ჩვენს საზოგადოებაში არის რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელიც მზად არის, ქვეყანა დაანგრიოს, რათა აქ სისხლისღვრა, სახელმწიფოს დამხობა იყოს და ისინი ამ ყველაფერზე წამსვლელი არიან“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დაურ ბუავას საქმის ირგვლივ ოპოზიციის სპეკულაციაზე საუბრისას.
„საზოგადოებას ჰყავს ის 7 000 ადამიანი, ვინც 4 ოქტომბერს ყველამ იხილა. აქედან რამდენიმე ასეული უფრო აქტიურია და ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ უკვე წლებია, მათი მეთოდი არის მცდელობა, სხვადასხვა ტრაგედიაზე პოლიტიკური პარაზიტების როლში გამოვიდნენ და შეეცადონ, პოლიტიკურად აქციონ ყველაფერი.
ყველა ასეთ შემთხვევაში, როდესაც ცდილობდნენ, რომ ტრაგედია გამოეყენებინათ, ყველაფერზე კისერი წაიმტვრიეს იმ მხრივ, რომ გამოჩნდა, ან თავიდანვე ჩანდა, რა იყო სიმართლე და პირდაპირ ჩანდა, რომ ეს ადამიანები დაკავებული არიან მანიპულაციით და რეალობის გაყალბებით.
სამწუხაროა, რომ ამაში ჩართული არიან, მათ შორის, ის ორგანიზაციები, რომლებიც თავის თავს მედიას უწოდებენ და, სინამდვილეში, უბრალოდ, ისტერიკასა და მანიპულაციას არიან მიყოლილი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და გამოვლინდნენ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვანაირად იყვნენ ჩართული უბედური შემთხვევის დადგომაში და ყველა საკითხს საბოლოო პასუხი გამოძიების მხრიდან გაეცემა.
შალვა პაპუაშვილმა ასევე დასძინა, რომ ის, ვინც დაურ ბუავას საქმეზე ფაქტებს არ ენდობა, შეთქმულების თეორიის მოყვარულია.


