რატი იონათამიშვილი: „ძალადობრივ აქციებში მონაწილე 9 პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ და მონანიებამ კიდევ ერთხელ ახადა ფარდა რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოებას მათი ამორალური ხასიათი დაანახა, ვინაიდან მათ შეწყალებული პირები ბულინგის მთავარ ობიექტებად აქციეს“

38

„მინდა, ყურადღება მივაპყრო იმ 9 პირზე, რომლებიც ძალადობდნენ აქციაზე, იხდიდნენ სასჯელს, შემდეგ მოინანიეს დანაშაული და საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაერთხელ განაცხადა, რომ შეწყალების ან ამნისტიის საკითხის განხილვისთვის მთავარი და პრინციპულად მნიშვნელოვანი წინაპირობა დანაშაულის აღიარება, სინანული და მონანიება იყო. და ეს ასეც მოხდა! მაგრამ ის რეაგირება, რაც ჩვენ ამ 9 პირის მიმართ რადიკალური და ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ვიხილეთ, ყოველგვარ მორალურ და ზნეობრივ სტანდარტს სცდება და ამორალური პროპაგანდის ფსკერს წარმოადგენს.

ფაქტია, რომ უსამშობლო აგენტები ამ ახალგაზრდებს ძალადობისა და საკუთარი ინტერესებისთვის იყენებდნენ და აგენტურულ ჯგუფებს გაუხარდათ მათი დაპატიმრება და ძალიან ეწყინათ გათავისუფლება“, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ძალადობრივ აქციებში მონაწილე 9 პირის შეწყალებასთან დაკავშირებით საუბრისას.

„საქართველოს პრეზიდენტის ჰუმანურმა აქტმა, ამ 9 პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ და მონანიებამ კიდევ ერთხელ ახადა ფარდა რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოებას მათი ამორალურ ხასიათი დაანახა, ვინაიდან მათ შეწყალებული პირები ბულინგის მთავარ ობიექტებად აქციეს.
სწორედ ეს არის ღირებულებითი სხვაობა, რომელიც ჩვენს შორის არსებობს, რადიკალურ აგენტურულ ჯგუფებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის, რადგან აგენტურული ჯგუფები მუდმივად ირჩევენ სიძულვილს, ბულინგს, ზიზღს, მათ შორის, ხშირად ერთმანეთის მიმართ ყველაზე რადიკალური და მიუღებელი მიმართულებებითა და ხასიათით – მაშინ, როდესაც “ქართული ოცნება” დგას სამართლიანობის, პასუხისმგებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ჰუმანურობის პრინციპებზე და ეს, რაც დრო გავა, რა თქმა უნდა, უფრო თვალსაჩინო გახდება.
სწორედ ამიტომ არის, რომ რადიკალური ჯგუფები არის ჩვენი საზოგადოებისათვის და, როგორც ჩანს, ეს აგენტურული ჯგუფები საკუთარი პატრონებისთვისაც მალე მიუღებლები გახდებიან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.