შალვა პაპუაშვილი რუსთაველის გამზირზე აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ: „ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მთავარი არტერია გადიოდა თბილისზე“

41

„დედაქალაქის მერთან ერთად დავათვალიერეთ ის ადგილი, რომელიც სამუშაოების დროს აღმოჩნდა. ეს კიდევ ერთი ფურცელია ჩვენი დედაქალაქის ისტორიაში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებზე საუბრისას.

„მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მერიას, რომ ამ სამუშაოების განხორციელების პროცესში ყურადღებით არიან იმ არქეოლოგიურ არტეფაქტებთან, რომელიც შეიძლება გამოჩნდეს სამუშაოების დროს და მადლობა მინდა გადავუხადო არქეოლოგებს, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიის კიდევ ერთი მონაკვეთის ეპიზოდი დაგვანახონ.

ძალიან საინტერესო იყო, რომ ვნახეთ ადგილი, სადაც, როგორც ჩანს, ადრე იყო თიხის საამქრო, სადაც ბევრი ჭურჭელია აღმოჩენილი. თავის ისტორიასაც გვიყვება, ვინაიდან ქურაში დარჩენილი თიხის ჭურჭელია, რომელიც, როგორც ჩანს, რაღაც ისტორიული მოვლენის გამო დარჩა ქურაში და მას შემდეგ დარჩა მიწის ქვეშ. როგორც არქეოლოგები აცხადებენ, დაახლოებით, X-XI საუკუნეების არტეფაქტებია, რომლებმაც ამდენი საუკუნის შემდეგ პირველად იხილეს მზის შუქი. ეს კიდევ ერთხელ ჰმატებს ჩვენი ქვეყნისა და დედაქალაქის ისტორიას განსაკუთრებულ შტრიხებს.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მთავარი არტერია გადიოდა თბილისზე და დღევანდელ მთავარ გამზირზე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.