„ბოლო პერიოდში ვხედავთ პირდაპირ კამპანიას, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ეს ჯერ დაიწყო ბარამიძის განცხადებით, რომელმაც ომის დანაშაულები დააბრალა საქართველოს და ქართველ ჯარისკაცებს, 90-იან წლებში მიმდინარე დაპირისპირებისას. შემდეგ გვარამიამ, რომელმაც ისტორიული ტრავმა უწოდა, რომლისგანაც საჭიროა გათავისუფლება და პარალელები გაავლო სომხეთთან და თქვა, რომ (მისი შეფასებით) როგორც სომხეთი ყარაბაღის ტრავმისგან გათავისუფლდა და პერსპექტივები გაეხსნა, ასე უნდა გავთავისუფლდეთ ჩვენც ამ ტრავმისგან. ამით პირდაპირ გამოჩნდა, თუ რა ხედვა აქვთ მათ ქვეყნის მთლიანობასთან დაკავშირებით“, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა აფხაზების შემორიგებაზე არ გადის.
„ეს გაგრძელებაა იმ ხაზის, რომელიც, ზოგადად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ყოველთვის ჰქონდა, მათ შორის, ხელისუფლებაში ყოფნის დროს.
სააკაშვილის განცხადება, რომ „აფხაზებს ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება“; რომ „შერიგების პოლიტიკას აზრი არ აქვს“; ბოკერიას განცხადება, რომ „შერიგების პოლიტიკა არის ფუჭი“; გვარამიას განცხადება, რომ „ეს არის ტრავმა და ეს ტრავმა ბლოკავს ჩვენს განვითარებას და უნდა მოვიცილოთ და წინ გავიხედოთ“ – ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ეს არის კოორდინირებული კამპანია იმისთვის, რომ საქართველომ საკუთარი ტერიტორიები ჩააბაროს რუსეთს და უარი თქვას საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობაზე. გვაპარებენ წვეთ-წვეთად და ამას დაამატებენ, რაზეც ლაპარაკობს გვარამია სომხეთთან პარალელებით – რომ ამის სანაცვლოდ, რაღაც პერსპექტივები გაიხსნება.
გავიხსენოთ, რომ იმავეს ეუბნებიან უკრაინას, რომ კომპრომისზე უნდა წავიდეს თავის ტერიტორიებთან დაკავშირებით და ამით გაეხსნება უფრო მეტი პერსპექტივა განვითარებაში. იმავეს ეუბნებიან მოლდოვას დნესტრისპირეთთან დაკავშირებით და ახლა, როგორც ჩანს, მოგვადგნენ ჩვენ. ამას აქედანვე უნდა გაეცეს მკაცრი პასუხი – რომ არანაირი კომპრომისი ჩვენი ქვეყნის მთლიანობით არ იქნება არანაირ მიზანთან დაკავშირებით. ჩვენი ქვეყნის ორი მთავარი ამოცანა არის ჩვენი ხალხის კეთილდღეობა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. არ არსებობს არცერთი სხვა მიზანი, რომელიც ამაზე ზემოთ დგას. ასე რომ, ჩვენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ ვანაცვალებთ არანაირ სხვა მიზანს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


