შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილის შესახებ: „ვიცით, ამ მეთოდებს ვინც იყენებს და წლებია, შეჩვეულები ვართ, რომ ხდება სხვადასხვა ტრაგედიის გამოყენება – თვითმკვლელობა იქნება თუ სხვა სახის ტრაგედია იმისთვის, რომ პოლიტიკური ინსინუაციები მოხდეს“

27

„სამწუხაროა, რომ სამართლებრივი საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა ხდება. სხვადასხვა დროს გვინახავს ასეთი მცდელობები, მაგრამ ამას შედეგი არ მოაქვს. ვისურვებდი, რომ სამართლებრივ პრეტენზიებს, რომელიც აქვს პროკურატურას თუ გამოძიებას, გაეცეს პასუხები“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილის შესახებ, რომელშიც ის უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საეჭვო გარემოებებზე საუბრობს.

„არავის ვუსურვებდი, რომ სხვა ადამიანების პიროვნული ტრაგედიების გამოყენება ხდებოდეს პოლიტიკური ინსინუაციებისთვის. ვიცით, ამ მეთოდებს ვინც იყენებს და წლებია, შეჩვეულები ვართ, რომ ხდება სხვადასხვა ტრაგედიის გამოყენება – თვითმკვლელობა იქნება თუ სხვა სახის ტრაგედია იმისთვის, რომ პოლიტიკური ინსინუაციები მოხდეს.

რაც შეეხება ამ ადამიანს [ლაზარე ჯორბენაძეს], რომელმაც თვითმკვლელობით დაასრულა, თუ არ ვცდები, სიცოცხლე. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მის სულს მაინც უნდა სცენ პატივი და მოასვენონ ზოგიერთებმა (ჟურნალისტს ვგულისხმობ), რომლებიც გამომსარჩლებლად არიან ქცეულები“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.