კახა კალაძე: „ცხოვრებაში, შეიძლება, ნებისმიერ ადამიანს შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად. ამ ტიპის განცხადებები, როდესაც ერთხმად ლაპარაკობენ ირაკლი ღარიბაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ და ქვეყნის მტრები… ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი“

39

„ძალიან რთულია და მიჭირს, არ მსიამოვნებს საუბარი, როდესაც ყოფილ თანაგუნდელს ეხება. ყოფილი თანაგუნდელი, რომელსაც აღიარებული აქვს ის ბრალი, რაც წაუყენეს და ამისთვის იხდის სასჯელს. შემდეგ გაკეთებული განცხადებები, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია – ეს არის ჩემთვის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაცია“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ წერილებზე საუბრისას.

„კონკრეტული ფაქტი, რომელიც არის დადასტურებული, სამწუხაროდ, სუიციდი – ამ ფაქტით სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კიდევ ერთხელ, ადამიანურად ვამბობ: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად.

შესაბამისად, ამ ტიპის განცხადებები, როდესაც ერთხმად ლაპარაკობენ ირაკლი ღარიბაშვილი (კიდევ ერთხელ: მიჭირს ამაზე საუბარი, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო), და „ნაციონალური მოძრაობა“ და ქვეყნის მტრები… ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი“, – აღნიშნა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.