“2024-2025 წლების ძალადობრივი აქციების დროს დაკავებულებიდან დღეს 45 ადამიანი თავისუფალია – ნაწილი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ნაწილი კი პრეზიდენტმა შეიწყალა. ეს, ერთი შეხედვით, მარტივი ფაქტი ძალიან ბევრ კითხვას სცემს პასუხს. თითოეულმა ამ გამოსულმა პატიმარმა ჩამოანგრია მითი „პოლიტიკურ“ და „სინდისის“ პატიმრებთან დაკავშირებით“, – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.
„ყველა, ვინც პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა და გათავისუფლდა, ერთ მნიშვნელოვან სიმართლეს ადასტურებს – ამ ადამიანების ციხეში ყოფნა ხელისუფლებას კი არა, ყველაზე მეტად, სწორედ, მათ სჭირდებოდათ, ვინც მათ სახელებს საკუთარი პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად იყენებდა.
როგორც ჩანს, ყველაზე მძიმე ტყვეობა მხოლოდ ციხის კედლები არ ყოფილა. ბევრად მძიმეა იმ პოლიტიკური წრის ტყვეობაში ყოფნა, რომელმაც ეს ადამიანები ჯერ ძალადობრივი პროცესების ინსტრუმენტად გამოიყენა, შემდეგ კი მათგან პოლიტიკური სიმბოლოების შექმნა სცადა.
მიხარია, თუ მათ შეძლეს გაცილებით მძიმე ტყვეობისგან გათავისუფლებაც, იმ ადამიანებისა და პოლიტიკური ჯგუფების გავლენისგან, რომლებიც მათ ჯერ კანონდარღვევისკენ უბიძგებდნენ, შემდეგ გმირებად აცხადებდნენ, ბოლოს კი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის პატიმრობაში დარჩენასაც კი ღირსების საზომად უსახავდნენ.
სწორედ აქ გადის ზღვარი – იყო სხვისი პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი თუ გქონდეს გამბედაობა, თავად განსაზღვრო საკუთარი არჩევანი“, – წერს წილოსანი.


