“თამაზ ელიზბარაშვილის გარშემო განვითარებული მოვლენები მრავლისმთქმელია. მას უფრო ღრმად აქვს ფესვები, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ეს ადამიანი საკუთარ განცხადებებსა და ვიდეო მიმართვებში მუდმივად აგრესიულ ტონს ირჩევდა, ამ ინციდენტის დროს კი საკუთარი აგრესიული რიტორიკის სისრულეში მოყვანა სცადა, რომელიც, შესაძლოა, ფატალური შედეგით დასრულებულიყო”, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
„იმის ნაცვლად, რომ ადამიანს გაეცნობიერებინა საკუთარი პასუხისმგებლობა, დაეგმო აგრესია, რომელსაც თავადვე ავლენს და სიტუაცია ცივილიზებულ ჩარჩოებში მოექცია, მან უმძიმესი და საშიში ნაბიჯი გადადგა – წავიდა, აიღო იარაღი და შემთხვევის ადგილზე შეგნებულად, შურისძიების, ადამიანების მოკვლის ან სხეულის მძიმე დაზიანების მიზნით დაბრუნდა.
მომხდარი ფაქტობრივი გარემოებები სცდება უბრალო „ემოციურ ფონზე ნათქვამ სიტყვებს“. იარაღის აღება, ტერიტორიაზე დემონსტრაციულად დაბრუნება და რესტორანში შეჭრის მცდელობა პირდაპირ შეიცავს წინასწარ განზრახული, მძიმე დანაშაულის ნიშნებს. რეალურად, საქართველო კიდევ ერთ დიდ ტრაგედიას გადაურჩა. ტრაგედია მხოლოდ იმან აარიდა საზოგადოებას, რომ ახალგაზრდებმა საფრთხე დროულად იგრძნეს და ტერიტორიის დატოვება მოასწრეს.
ელიზბარაშვილის მონაწილეობით მომხდარი ინციდენტს პროკურატურის, სასამართლოსა და საზოგადოების მხრიდან სჭირდება სიღრმისეული და სამართლებრივად მკაცრი შეფასება, რადგან მსგავსი აგრესიული ქმედებები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლესა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას“, – წერს ჩიხელიძე.


