“30 აგვისტოს, რესტორან „სხვაში“, თამაზ ელიზბარაშვილთან სიტყვიერი კონფლიქტი მომივიდა, ვინაიდან ამ ადამიანს წარსულში ჩემი და ჩემი ოჯახის წევრებზე შეურაცხმყოფელი კომენტარი ჰქონდა დაწერილი”, – წერს სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი თამაზ ელიზბარაშვილთან მომხდარი ინციდენტის შესახებ სოციალურ ქსელში.
„ინციდენტში, ვითარების განმუხტვის მიზნით, ჩემი მეგობრებიც ჩაერთნენ. შემთხვევა არ გასცდენია სიტყვიერ კამათს – არც გინებას, არც შეურაცხყოფას და, მით უფრო, ხელით შეხებას ადგილი არ ჰქონია. ელიზბარაშვილს მოვუწოდე, რომ მომავალში თავი შეეკავებინა ჩემი და, მით უმეტეს, ჩემი ოჯახის შეურაცხყოფისგან. მისი ასაკის გათვალისწინებით, მომხდარი უსიამოვნების გამო ბოდიშიც კი მოვუხადე და ვუთხარი, კონფლიქტი ამოწურულად ჩაგვეთვალა.
თუმცა, ელიზბარაშვილი მომენტალურად გახდა აგრესიული და გვითხრა: “ამას ასე არ დავტოვებ, ნახევარ საათში დავბრუნდები და ყველანი აქ დამხვდითო” და მართლაც, ელიზბარაშვილი რესტორანთან, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაბრუნდა.
ამ ფაქტის შესახებ გაიგო მთელმა რესტორანმა, მათ შორის, რესტორნის დაცვის სამსახურმაც, რომელიც, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, იარაღით მისულ ელიზბარაშვილს რესტორანში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევდა.
მტკნარი სიცრუეა ელიზბარაშვილის, მისი ახლობლებისა და მხარდამჭერი მედიების მტკიცება, რომ თითქოს იგი ჩვენი საჩივრის საფუძველზეა დაკავებული. არც მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ჩემს მეგობარს პოლიციაში არავითარი საჩივარი არ შეუტანია. ჩვენ საქმის აღძვრის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შევიტყვეთ, რაც სამართალდამცველი ორგანოდან დაგვიკავშირდნენ და გამოკითხვაზე დაგვიბარეს. ჩვენ, კანონის მოთხოვნების შესაბამისად, გამოძიებას მივეცით ჩვენება რესტორანში მომხდარის შესახებ.
აღნიშნულ საქმეზე დეტალები და ვიდეომასალა პროკურატურამ დღეს გაასაჯაროვა.
სამართლებრივ სახელმწიფოში, ხალხმრავალ ადგილას, იარაღით გადაადგილების აღკვეთას არანაირი „ჩივილი“ არ სჭირდება”, – წერს შაკო კუჭაშვილი.


