ეკა სეფაშვილი საქართველოს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით არსებული მაღალი ინტერესის შესახებ: “ეს არის ნათელი და მტკიცე დადასტურება იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკა, პოლიტიკა და, ზოგადად, ქვეყანა ვითარდება სტაბილურად, რაც ნდობას იწვევს, პირველ რიგში, ბიზნესწრეების წარმომადგენლებში”

39

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა საქართველოს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე არსებულ მაღალ მოთხოვნასა და ინვესტორების მაღალ ინტერესზე საკანონმდებლო ორგანოს დიასპორის, ევროპასთან ინტეგრაციისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა, სადაც 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააკეთა.

„როგორც ვხედავთ, ბიუჯეტის ყველა პარამეტრი საკმაოდ დადებითი და კარგი ტენდენციით ხასიათდება, თუ არ ჩავთვლით ინფლაციას, რომელიც მიზნობრივ მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება. თუმცა, სხვა ეკონომიკური პროცესები გვაძლევს იმ ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ინფლაციის ეს მაჩვენებელი დარეგულირდება და დაუბრუნდება მიზნობრივ მაჩვენებელს.

ყურადღება მივაქციე ერთ ძალიან მნიშვნელოვან მომენტს, კერძოდ, საქმე ეხება სახელმწიფოს მიერ ობლიგაციების გამოშვებას, რომლის შესყიდვის მსურველთა შორის არარეზიდენტი ეკონომიკური აქტორების ძალიან დიდი რაოდენობა დაფიქსირდა. 60% კი შეიძინეს, მაგრამ მსურველი იმაზე ორჯერ მეტი იყო, ვიდრე სახელმწიფომ ჩათვალა საჭიროდ, რომ გაეყიდა.

ხაზგასმით მსურს აღვნიშნო ყველასთვის, პირველ რიგში კი საქართველოს მოსახლეობისთვის – ეს ნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფოს მიმართ ნდობა საერთაშორისო საზოგადოებაში და განსაკუთრებით ბიზნესწრეებში არის მაღალი, რასაც მოწმობს ეს მოთხოვნა, მიუხედავად პოლიტიკური თვალსაზრისით იმ განგრძობითი ზეწოლისა, რასაც ჩვენი სახელმწიფო და ამჟამინდელი ხელისუფლება განიცდის. ეს არის ყველაზე ნათელი და მტკიცე დადასტურება იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკა, პოლიტიკა და, ზოგადად, ქვეყანა ვითარდება სტაბილურად, რაც ნდობას იწვევს, პირველ რიგში, ბიზნესწრეების წარმომადგენლებში“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

დეპუტატმა კომიტეტის სხდომაზე გიორგი კაკაურიძეს შემდეგი კითხვით მიმართა: „ეს რეზიდენტები, რომლებმაც ჩვენი სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ობლიგაციების შეძენის სურვილი გამოთქვეს, ძირითადად, სახელმწიფოებს წარმოადგენენ თუ იყვნენ სხვა სახელმწიფოების რეზიდენტი იურიდიული პირები?
პროცენტულ მაჩვენებლებში როგორ იყო ეს თანაფარდობა? და მოთხოვნის დაახლოებითი გეოგრაფიული არეალიც რომ გვითხრათ…”

გიორგი კაკაურიძემ ეკა სეფაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ფასიანი ქაღალდების გამოშვება იყო წარმატებული და ორჯერ აღემატებოდა საბოლოოდ დაფიქსირებულ ფასს. არარეზიდენტებს შორის არ იყო არცერთი სახელმწიფო, თუმცა 99,9% არის საინვესტიციო ბანკები და ფონდები. გეოგრაფიის მიხედვით კი ეს საინვესტიციო ბანკები და ფონდები, ძირითადად, რეგისტრირებული არიან ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ამერიკაში, რამდენიმე მათგანი კი – აზიაში.