თამთა მეგრელიშვილი ელიზბარაშვილის შესახებ: “პროკურატურის განცხადების საფუძველზე, მიმაჩნია, რომ რესტორანში იარაღით უკან მიბრუნების ფაქტი მხოლოდ ყოფით კონფლიქტად ვერ შეფასდება. აღნიშნული გარემოებები ქმნის სამართლებრივ საფუძველს, რომ საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების ჭრილში შეფასდეს”

65

“30 აგვისტოს ღამით, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით უდანაშაულობის პრეზუმფციას არ დავარღვევ, – საბოლოო სამართლებრივ შეფასებას წარდგენილი ვიდეომასალების, მოწმეთა ჩვენებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო დაადგენს”, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

„თუმცა საქმის ირგვლივ საჯაროდ ცნობილ დეტალებზე დაყრდნობით ვიტყვი, რომ პირის მიერ ჩადენილი ქმედება, რომელიც მოიცავს საზოგადოებრივ სივრცეში იარაღით მიბრუნებასა და ჯგუფურ მუქარას, საჭიროებს სამართლებრივ რეაგირებას, რადგან კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ნებისმიერი მოქალაქის უსაფრთხოება (ამ შემთხვევაში, რესტორანში მყოფი პირების) დაცული უნდა იყოს.

შესაბამისად, მომხდარის იმგვარად შეფასება, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული პროვოკაცია, კანონის უპატივცემულობა ან, უარეს შემთხვევაში, მისი არცოდნაა.
საუბარი იმაზე, რომ თამაზ ელიზბარაშვილის გაჩუმების მიზნით საქმე ხელოვნურად არის დამძიმებული და ადგილი აქვს „შერჩევით სამართალს“, არის გზავნილი, რომლის მიზანია, შექმნას განწყობა, თითქოს სამართლის აღსრულების ხარისხი დამოკიდებულია კონკრეტულ საქმეებსა და მასში მონაწილე პირებზე, რაც სწორი არ არის.

ოპოზიციის მიერ ხმაურიანი და პოლიტიკურად სენსიტიური პროცესების გამოყენება არის იარაღი, რომლითაც ისინი საზოგადოებაში მათთვის სასურველი განწყობების გაძლიერებას ცდილობენ.

პროკურატურის განცხადების საფუძველზე, მიმაჩნია, რომ რესტორანში იარაღის არსებობისა და იარაღით უკან მიბრუნების ფაქტი მხოლოდ ყოფით კონფლიქტად ვერ შეფასდება. აღნიშნული გარემოებები ქმნის სამართლებრივ საფუძველს, რომ საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების ჭრილში შეფასდეს.

ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი თავყრილობის ადგილას (მაგალითად, რესტორანში) შედის პირი, რომელიც არის შეიარაღებული და საფრთხეს უქმნის გარშემომყოფებს, სახელმწიფოსთვის წარმოშობს ვალდებულებას, დაიცვას ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და საზოგადოებრივი უსაფრთხოება.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა და ბრალდებულის უფლებების გარანტირება სახელმწიფოს ვალდებულებაა და, ამ საქმეშიც, დარწმუნებული ვარ, ეს პრინციპები დაცული იქნება.

ამ საქმის ირგვლივ პოლიტიკური სპეკულაციები შინაარსს მოკლებულია, რადგან, წინა ხელისუფლებისაგან განსხვავებით, დღეს კანონის მიმართ დამოკიდებულება, სამართლის აღსრულების ხარისხი ძალიან მაღალია, მიკერძოება გამორიცხულია და სამართლის კანონიერი აღსრულება კონკრეტულ საქმეებსა და მასში მონაწილე პირებზე დამოკიდებული არ არის”, – წერს მეგრელიშვილი.