„ეს ფორუმი რომ შედგა, უკვე შედეგია იმისა, რომ სწორი მიმართულებით ვმოძრაობთ. ეს მოიტანა იმ სამშვიდობო პოლიტიკამ, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„ეს მოიტანა იმ სწორმა პოლიტიკამ, რომ არცერთ ავანტიურაში არ გავისვარეთ და მოვიპოვეთ საერთაშორისო ფინანსური და ბიზნესწრეების ნდობა – რომ საქართველოსგან მოულოდნელს არავინ უნდა ელოდოს, რომ საქართველოში ფულის დაბანდება და ხანგრძლივვადიანი პერსპექტივით საქმის წამოწყება ღირს. ამ ნდობას მოპოვება სჭირდებოდა და შედეგი სწორედ ეს არის.
საქართველოში იმყოფება ამ საზღვაო ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მას პრემიერთანაც ჰქონდა შეხვედრა და დეტალურად გაიარეს ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, არც ეს ფორუმი შედგებოდა და არც ასეთ მაღალ დონეზე იქნებოდა წარმოდგენილი, რომ არა ის დიდი ნდობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებობს.
ისინაც კი, ვინც ყველანაირად ცდილობენ, საერთაშორისო ასპარეზზე გაგვაშავონ, თვითონვე აღიარებენ – თავად ევრობიუროკრატიაც კი – რომ როგორც კი კრიზისი წარმოიშვა (ვთქვათ, საჰაერო გადაზიდვებში, ადამიანებისა და ტვირთების კუთხით), ერთადერთი გზა, რაც ევროპას დარჩენოდა, საქართველოზე გამავალი მარშრუტი იყო. რის გამო? იმის გამო, რომ სწორი პოლიტიკა გავატარეთ და ნულამდე დავიყვანეთ საფრთხეები ჩვენს საჰაერო სივრცეში.
ამდენად, ეს სწორი აზროვნების, სწორი მიმართულების შედეგია. იმის შედეგია, რომ სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის ყველა მიმართულებით ვატარებთ პოლიტიკას, მათ შორის – ეკონომიკურადაც.
რაც ყველაზე მთავარია, თუ ადრე ერთ და ორწლიან გეგმებზე ვსაუბრობდით, ახლა უკვე ათწლიან და უფრო ხანგრძლივვადიან გეგმებზე ვსაუბრობთ. ეს მოწიფული პოლიტიკის შედეგია და სერიოზული მანიშნებელი იმისა, რომ საქართველო ძლიერ ნაბიჯებს დგამს – ეს არის სახელმწიფო, რომელსაც უკვე აქვს იმის ფუფუნება, რომ ხანგრძლივვადიან გეგმებზე ისაუბროს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.


