„პრემიერ-მინისტრმა უკვე გასცა პასუხი და განაცხადა, რომ დელიმიტაციის თაობაზე ამ ბოლო წლების განმავლობაში ნაბიჯი არ გადადგმულა – არც მისი პრემიერობის დროს და არც მანამდე“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, თენგიზ შარმანაშვილმა დავით გარეჯის თემაზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„პრემიერ-მინისტრმა უკვე გასცა პასუხი და განაცხადა, რომ დელიმიტაციის თაობაზე ამ ბოლო წლების განმავლობაში ნაბიჯი არ გადადგმულა – არც მისი პრემიერობის დროს და არც მანამდე – და ეს მონაკვეთები ბოლომდე შეთანხმებული არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, დელიმიტაცია დასრულებული იქნებოდა და საბოლოო შეთანხმებაც გაფორმდებოდა.
რაც შეეხება ამ ვითომ საიდუმლო მოლაპარაკებებსა და შეთანხმებებს, ეს ტყუილია და ამას აზრი არ აქვს. როდესაც საზღვრის დელიმიტაციას ახდენ, ერთადერთი გზა, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს (თუნდაც დათმობაზე მიდიოდე) ის არის, რომ დელიმიტაციის შეთანხმებას ხელი უნდა მოეწეროს, მერე ეს დოკუმენტი პარლამენტში უნდა წამოვიდეს და მისი რატიფიცირება მოხდეს. ანუ, ამის წყნარად და ჩუმად გაკეთებას არავითარი აზრი არ აქვს – ეს შეუძლებელიცაა და უაზრობაც. შესაბამისად, ამას მხოლოდ არაპროფესიონალი იტყვის. ასე რომ, ეს აბსოლუტური ტყუილია.
მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს, ეს იმდენად რთული საკითხია, რომ დღემდე ვერ ხერხდება წინსვლა დელიმიტაციის საკითხებში. პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ წლების განმავლობაში არც სიტყვიერად და არც რეალურად არანაირი პროგრესი არ არის. ასე რომ, ეს ფაქტი არ მომხდარა და ამის ფარულად გაკეთებასაც არანაირი აზრი არ აქვს. ჩვენს ქვეყნებს შორის საზღვრების დადგენა მხოლოდ იმ პროცედურების გავლის შემდეგ ამოქმედდება, რომელიც ვერაფრით იქნება დაფარული“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.


