„ხომ უნდა მიხვდე, რომ იმ მიმართულებით მოძრაობ, რა მიმართულებითაც შენი ყოფილი მტრები მოძრაობენ. სააკაშვილმაც კი გააკეთა განცხადება და მოუწონა – კარგია, ასეთ ნაბიჯებს რომ დგამ, რადგან საკმაოდ სერიოზულ დარტყმებს აყენებს ხელისუფლებასო“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, თენგიზ შარმანაშვილმა ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას განაცხადა.
„თვითონ დასვა ბოლო წერილში ეს საკითხი: „როგორ, მე „დიფ სთეითის“ აგენტი ვარო?“ აქ აგენტობაზე არ არის საუბარი, თვითონ დაუსვას ეს კითხვა თავის თავს.
ესე იგი, წარმოიდგინეთ, როგორც კი მან ის პირველი წერილი დაწერა, რომელიც აღმოჩნდა, რომ არავითარი საფუძველი არ ჰქონდა – ვთქვათ, თვითმკვლელობებთან დაკავშირებით, – იმიტომ, რომ როგორც კი პროკურატურამ ამ ხალხის გამოკითხვა დაიწყო, ყველამ ხელები გაასავსავა და თקვა: „მე არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნიაო“ და ერთმანეთისკენ გაიშვირეს ხელი.
ვის მოეწონა ეს? ეს პირველად გვარამიას მოეწონა, მოეწონა იმ ადამიანს, ვინც თვითონ ადანაშაულებდა ღარიბაშვილს იმაში, თუ როგორ არ ჩაერთო ის ომში და ურჩევნია, თბილისის თავზე ბომბები ცვიოდეს, ვიდრე ასეთ სამარცხვინო მდგომარეობაში იყოს. ანუ, ის ადამიანიც კი გამოესარჩლა, რომელიც მას პრემიერ-მინისტრობის დროს ბრალს სდებდა იმაში, რომ ომში არ ჩაერთო. არანაირი მკვეთრი რეაქცია ამის თაობაზე (ღარიბაშვილს) არ გამოუთქვამს და არ მიუმართავს იმ ხალხისთვის, თუნდაც გვარამიასთვის ან სხვებისთვის: „გაჩუმდით თქვენ, მე ამ მიმართულებით საერთოდ არ მიფიქრია, მე ჩემი კითხვები გამიჩნდა და არ მჭირდება თქვენი მხარდაჭერაო“. უფრო მეტიც, გუშინ თუ გუშინწინ სააკაშვილმაც გააკეთა განცხადება და მოუწონა – კარგია, ასეთ ნაბიჯებს რომ დგამ, რადგან საკმაოდ სერიოზულ დარტყმებს აყენებს ხელისუფლებასო. ხომ უნდა მიხვდე, რომ იმ მიმართულებით მოძრაობ, რა მიმართულებითაც შენი ყოფილი მტრები მოძრაობენ, რომლებიც შენ გმტრობდნენ იმის გამო, რომ ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რათა საქართველო ომში არ ჩართულიყო. წარმოიდგინეთ, რა ტრაგიკული მდგომარეობაა შექმნილი. ვის სიამოვნებს ახლა, რომ ღარიბაშვილი ასეთ ტრაგიკულ ვითარებაში აღმოჩნდა? არავის გვისამოვნებს, მაგრამ ფაქტი სახეზეა.
რაც შეეხება იმ კორუფციულ ნაწილს, რისგანაც მას თავის არიდება უნდა, რომ ეს ქართული მართლმსაჯულების განსახილველი არ გახდეს. იმას ვერ იტყვის, რომ ის მილიონები და ის ძვირადღირებული ნივთები (რომლებიც ასევე მილიონები ან ასობით ათასი ღირს) ჩხრეკის დროს მის სახლში არ აღმოჩნდა. ამას ხომ ვერ იტყვის, ამას ხომ ვერ უარყოფს?“ – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.


