ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) განათლებისა და უნარების მიმართულების დირექტორი ანდრეას შლაიხერი PISA-ს კვლევის შედეგებს ეხმაურება.
„საქართველო იმ ძალიან ცოტა ქვეყანას შორისაა, რომლებმაც 2022 წლის შემდეგ მოსწავლეთა შედეგები გააუმჯობესეს სამივე მიმართულებაში – საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, კითხვასა და მათემატიკაში. ჩემი ყველაზე გულწრფელი მილოცვა საქართველოს მასწავლებლებსა და სკოლის ხელმძღვანელებს – შედეგები, რომლებსაც თქვენ OECD-ის PISA-ს შეფასების უახლეს ციკლში მიაღწიეთ, მხოლოდ საქართველოსთვის არ არის კარგი ამბავი. ეს არის ისტორია, რომელზეც სხვა ქვეყნებმაც უნდა გაამახვილონ ყურადღება. იმ დროს, როდესაც ბევრი განათლების სისტემა სირთულეებს ებრძვის, საქართველო წინ მიიწევს.
განსაკუთრებული მიღწევაა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მათემატიკაში – ეს საქართველოსთვის ყველაზე მაღალი შედეგია 2010 წლიდან მოყოლებული – მას შემდეგ, რაც ქვეყანა პირველად შეუერთდა PISA-ს.
ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს სასკოლო სისტემა წინ მიიწევს და ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს – ის საკლასო ოთახები, რომლებსაც დღეს ქმნით, ხვალ იქცევა საზოგადოებად, ეკონომიკად და დემოკრატიად.
ქართველმა მასწავლებლებმა უნდა იამაყონ, რადგან 10-დან 8 მოსწავლემ განაცხადა, რომ მათი მასწავლებლები თითოეული მოსწავლის მიღწევებით ინტერესდებიან – ეს მნიშვნელოვანია, რადგან PISA-ს კვლევების თანახმად, მოსწავლეები უკეთ სწავლობენ მაშინ, როდესაც მასწავლებლებმა ინტერესდებიან მოზარდების პროფესიული არჩევანით და ამ გზაზე მათ გვერდით დგანან.
PISA-ს მონაცემები აჩვენებს, რომ ბევრ ქართველ მოსწავლეს სჯერა საკუთარი შესაძლებლობის – ისინი საკუთარ სწავლაზე პასუხისმგებლობას იღებენ, მიზნებს ისახავენ და აქტიურად ქმნიან საკუთარ გზას.
2015 წლიდან 2022 წლამდე საქართველოს მიერ მიღწეული გაუმჯობესების მნიშვნელოვანი ნაწილი, ფაქტობრივად, სოციალურად დაუცველი მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესებით იყო განპირობებული – საგანმანათლებლო უთანასწორობის შემცირება საქართველოში იყო და კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად და შედეგებიც ნათელია“, – აცხადებს ანდრეას შლაიხერი.


