გიორგი სოსიაშვილი: „PISA-ს კვლევის შედეგები კიდევ უფრო ცხადყოფს იმას, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის განათლების რეფორმების თვალსაზრისით“

32

„PISA-ს კვლევის შედეგები კიდევ უფრო ცხადყოფს იმას, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის განათლების რეფორმების თვალსაზრისით“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გიორგი სოსიაშვილმა PISA-ს კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

„მინდა საზოგადოებას მივულოცო ეს ძალიან დიდი წარმატება, რაზეც პრემიერმაც ისაუბრა და ზუსტი აქცენტები გააკეთა იმაზე, რომ მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასების PISA-ს კვლევებიდან გამომდინარე, ჩვენ ძალიან ღირსეული ადგილი დავიკავეთ. იქ ჩამოთვლილია ის მნიშვნელოვანი მიღწევები, რომლებიც ეხება მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში გამორჩეული ადგილის დაკავებას. ასევე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გაუმჯობესების თვალსაზრისით, სარეიტინგო მონაცემებში ჩვენ პირველი ადგილი ავიღეთ ამ კვლევებში ჩართულ 91 ქვეყანას შორის.

მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ეგიდით ტარდება ეს კვლევები და წელს 91 ქვეყანა მონაწილეობდა, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე წინა წლებში. შესაბამისად, ეს კიდევ უფრო ცხადყოფს იმას, რომ საქართველო სწორი ნავიგაციით მიდის განათლების რეფორმების თვალსაზრისით.

PISA-ს კვლევასა და მსგავს რეიტინგებში მოწინავე ადგილების დაკავებასთან ერთად, აქ კიდევ ბევრი პარამეტრია, მათ შორის საუბარია დაბალქულიან მოსწავლეთა წილის შემცირებაზე, რითიც ჩვენ პრაქტიკულად სამეულში მოვხვდით და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ამ თვალსაზრისით. აღსანიშნავია ქალაქებისა და რაიონების სკოლების მონაცემთა გათანაბრებაც, ასევე საუბარია სასწავლო გარემოს შეფასებაზე მოსწავლეთა მხრიდან – ესეც ძალიან მნიშვნელოვანია – და მრავალ სხვა მიმართულებაზე.

მინდა ვთქვა, რომ ეს არის წარმატებული, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი – იმის, რაზეც თავის დროზე დაანონსდა ფუნდამენტური რეფორმა განათლების მიმართულებით, რაზეც პრაქტიკულად უნდა აშენდეს ჩვენი ხვალინდელი დღე და რაზეც ძალიან ბევრჯერ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. გახსოვთ, თავდაპირველად მან პრეზენტაცია გააკეთა და ჩამოთვალა ის გამოწვევები, რაც აწუხებდა როგორც ზოგადი განათლების სისტემას, ისე უმაღლესი განათლების სისტემას, და ამ გამოწვევებზე უნდა აგებულიყო სტრატეგია, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო რეფორმა. იმიტომ, რომ რეფორმა არის ძალიან კომპლექსური და არ ხორციელდება მხოლოდ ერთი მიმართულებით. აი, ამ თანმიმდევრული ნაბიჯებით ხდება ის, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩამოყალიბდეს ისეთი ღირსეული განათლების სისტემა, როგორიც იმსახურებს ქართველი ხალხი და საზოგადოება, რომელიც სწორედ ამ რეფორმების შედეგი იქნება.

რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ამ მიმართულებით, მაგრამ ეს არის ძალიან სერიოზული ტენდენცია და მიმანიშნებელი იმისა, რომ ჩვენ სწორი გზით მივდივართ და ის რეფორმები, რომლებიც ჩვენს განათლების სისტემაში ხორციელდება, არის სწორად დაგეგმილი, გააზრებული და წარმატებით შესრულებული“, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.