გიორგი სოსიაშვილი ჩენდლერის ინსტიტუტის ხარჯეფექტიანობის რეიტინგზე: „თვითონვე აღიარებენ ავტორიტეტული ორგანიზაციები, რომ სახელმწიფო თანხებს სწორად აბანდებს იმ მიმართულებებით, რომლებიც აუცილებელია სახელმწიფოებრიობის მშენებლობის თვალსაზრისით“

40

„ძალიან სწორი მიმართულებით ვმოძრაობთ და ბიუჯეტის თანხებიც მეტად ყაირათიანად იხარჯება, რათა სწორი კაპიტალი ჩაიდოს განათლებაში, რაზეც ჩვენი ხვალინდელი დღე დგას, და ასევე – ჯანდაცვაში. თვითონვე აღიარებენ ავტორიტეტული ორგანიზაციები, რომ სახელმწიფო თანხებს სწორად აბანდებს იმ მიმართულებებით, რომლებიც აუცილებელია სახელმწიფოებრიობის მშენებლობის თვალსაზრისით“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა ჩენდლერის ინსტიტუტის 2026 წლის კარგი მთავრობის ანგარიშის ხარჯეფექტიანობის რეიტინგზე საუბრისას განაცხადა.

„რაც შეეხება რადიკალების მიერ ამ ყველაფრის აბუჩად აგდებას – წლების განმავლობაში ფული იმაში იხარჯებოდა, რომ განათლების სისტემა დაენგრიათ, საქართველოში სამეცნიერო დარგები მოესპოთ და მთლიანად სისტემა მოეშალათ, რათა ამ ნანგრევებზე ისეთი თაობები აღეზარდათ, რომლებიც მათთვის სასურველ ნაბიჯებს გადადგამდნენ. ეს იყო მათი მთავარი მიზანი, რაზეც წლების განმავლობაში მუშაობდნენ. ეს იყო მათ მიერ განხორციელებული ფსევდორეფორმა, რომელმაც ღირებულებები დაანგრია, უამრავი რამ მოშალა და ჩვენს მეცნიერებას ავტორიტეტი დაუკარგა. თუმცა, ჩვენ მიერ დაწყებული რეფორმა – ბატონი პრემიერის მიერ დაანონსებული და დაწყებული – ნამდვილი რეფორმაა, რომელიც ჩვენი განათლების სისტემის გაჯანსაღებას და სწორი მიმართულების აღებას ემსახურება. ეს მოიცავს როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების რეფორმას.

მაგალითად, უახლეს ისტორიაში არ გვახსოვს მსგავსი რამ, რომ სწავლა უფასო გამხდარიყო. მუდმივად ის გვესმოდა, რომ ათიათასობით ბავშვს სტატუსი ჰქონდა შეჩერებული და ა.შ. ახლა უკვე თვითონაც აღარ იციან, რაზე გვაკრიტიკონ და საიდან მოდის ეს დამოკიდებულება, როცა სწავლა უფასოა და ნებისმიერ ადამიანს აქვს საშუალება, ჩაირიცხოს უმაღლეს სასწავლებელში, ისწავლოს უფასოდ და სახელმწიფოს დახმარებით შეინარჩუნოს ეს სტატუსი (თუკი საგნებს სათანადოდ აითვისებს). ეს უდიდესი მხარდაჭერაა და სახელმწიფოს მხრიდან ამაზე დიდი სტიმული არ არსებობს. გზადაგზა კიდევ ბევრი რამე დაიხვეწება, კიდევ უფრო მაღალი ხარისხით იქნება წარმოდგენილი და საბოლოოდ ეს ყველაფერი ჩვენს საზოგადოებასა და მოქალაქეებზე აისახება“, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.