შალვა პაპუაშვილი გაერო-ში ევროკავშირის დელეგაციის ელჩის განცხადების შესახებ: „აღმაშფოთებელია, როდესაც ასეთი ტრიბუნა გამოიყენება დეზინფორმაციისთვის და სიცრუის გავრცელებისთვის. ჩვენ უფრო მეტად და მეტად უნდა ვამხილოთ ნებისმიერ პლატფორმაზე, როდესაც ევროკავშირის თუ სხვა ორგანიზაციის წარმომადგენელი ქართველ ხალხს ცილს სწამებს“

26

„აღმაშფოთებელია, როდესაც ასეთი ტრიბუნა გამოიყენება დეზინფორმაციისთვის და სიცრუის გავრცელებისთვის. ჩვენ უფრო მეტად და მეტად უნდა ვამხილოთ ნებისმიერ პლატფორმაზე, როდესაც ევროკავშირის თუ სხვა ორგანიზაციის წარმომადგენელი ქართველ ხალხს ცილს სწამებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გაერო-ში ევროკავშირის დელეგაციის ელჩის განცხადებაზე საუბრისას.

„დღეს ამ საკითხს მივუძღვენი სოციალურ მედიაში გამოხმაურება, რომ ბრიუსელი საკუთარ ცრუ ნარატივში არის დაკარგული და ვერ გამოდის იმ ნარატივიდან, რომელსაც ორი წლის წინ, საპარლამენტო არჩევნების წინ და შემდეგ შეეცადნენ, რომ თავს მოეხვიათ საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის, თითქოს საქართველოში არჩევნები გაყალბდა, თითქოს საქართველოში მშვიდობიანი აქციების წინააღმდეგ ხდებოდა მოქმედებები პოლიციის მხრიდან. ეს ყველაფერი დაიმსხვრა, ყველა საკითხი გამოძიებულია, განაჩენები დამდგარია. ჩვენ ვნახეთ 45 საპროცესო შეთანხმება და შეწყალების თხოვნა, სადაც აღიარებულია ყველა დანაშაული.

ახლა, ისევ ამ ცრუ ნარატივზე მოჭიდება, უბრალოდ, აჩვენებს ბრიუსელის საგარეო პოლიტიკის არსს, რომ ისინი ხავსს ეჭიდებიან და კვლავ იმ რევოლუციური სცენარის მომსახურებას ცდილობენ, რომელიც საქართველოში დამარცხდა. უნდა გამოვიდეს ბრიუსელი ამ ილუზიებიდან, უარი უნდა თქვას აგრესიულ რიტორიკაზე საქართველოს წინააღმდეგ (მართლაც შემაშფოთებელია, რომ ჩვენ კვლავ გვესმის ამგვარი რიტორიკა საქართველოს წინააღმდეგ) და უარი უნდა თქვას დეზინფორმაციის გავრცელებაზე საქართველოს წინააღმდეგ. როგორც იქცევა დღეს ევროკავშირი საგარეო პოლიტიკაში საქართველოსთან მიმართებით, ეწინააღმდეგება საღ აზრს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე დასძინა, რომ ყველა ცრუ განცხადება, ევროკავშირის თუ ნებისმიერი ორგანიზაციის მხრიდან, მხილებული იქნება.