„დღევანდელი კრიტიკული პასუხების ინიციატორი იყო ევროკავშირის წარმომადგენელი, რომელმაც გუშინ ცილისმწამებლური განცხადებები გააკეთა საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენი მხრიდან არის მხოლოდ პასუხები. ჩვენ არასდროს არ ვართ ინიციატორი რაიმე განცხადების თუ შეფასების. ეს არაერთხელ გვითქვამს, მათ შორის ბრიუსელისთვისაც, რომ, თუ იქნება სამართლიანი დამოკიდებულება და სამართლიანი განცხადებები, რა თქმა უნდა, ჩვენ არაფრის კრიტიკას არ ვაპირებთ, მაგრამ როგორც კი იქნება ცილისწამება ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს არ უნდა დარჩეს პასუხის გარეშე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„ევროკავშირის დელეგაციის ელჩი გაერო-ში გმობს დაკავებებს იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის ფონდები გამოიყენებოდა საქართველოში ძალადობრივი აქციების დასაფინანსებლად. ჩვენ დადასტურებულად ვიცით, რომ ევროკავშირის ფულით ფინანსდებოდა „მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანია. ასევე დადასტურებულად არის ცნობილი, რომ ევროკავშირის ფულით ფინანსდებოდა სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად შესაძენი აღჭურვილობები და ურიგდებოდა აქციის მონაწილეებს.
ეს აღიარებული აქვს „ისფედის“ ხელმძღვანელს. როდესაც ეს ფაქტები არის და ამ პირობებში კიდევ ვხედავთ „გაღმა შემოდავებას“ ევროკავშირის მხრიდან, რა თქმა უნდა, ამას ექნება ჩვენი პასუხი. და მეორე: ეს ადამიანები ბარიკადებზე სწორედ ბრიუსელის წაქეზებით ავიდნენ. გახსოვთ თქვენ 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობა, როდესაც ბრიუსელის ოფიციალურმა პრესსპიკერმა 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე საჯაროდ გამოუცხადა მხარდაჭერა 4 ოქტომბერს წინასწარ გაცხადებულ დამხობის შეკრებას. ეს იყო ვირტუალური მწვანე შუქი მათთვის, რომ თავს დასხმოდნენ პრეზიდენტის რეზიდენციას. ეს ფაქტი ევროკავშირის არცერთ წარმომადგენელს არ დაუგმია.
ადამიანები მოხვდნენ ციხეში სწორედ იმის გამო, რომ ძალადობისკენ წააქეზეს და შემდეგ მიატოვეს ისინი ციხეში. სწორედ ამ უსინდისობის პატიმარია დღეს ის დარჩენილი 70 ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ არ გაუაზრებია, რომ ჯობს, ენდო საკუთარ ქვეყანას, ვიდრე უცხო სახელმწიფოს.
მზია ამაღლობელზე როდესაც ვსაუბრობთ, დააკვირდით, აღარავინ მსოფლიოში არ ამბობს, რომ მზია ამაღლობელი არის უდანაშაულო. საუბარი აღარ არის, რომ დანაშაული არ ჩაიდინა, საუბარია იმაზე, სასჯელი რამდენად პროპორციული და მკაცრი იყო, თორემ აღარავინ ამბობს, რომ უდანაშაულოა. ამას შიგნით ყოველთვის ამბობდნენ, მაგრამ ახლა მოუწიათ ამის აღიარება. ეს ადამიანები უნდა დაფიქრდნენ, რომ აღარავინ მათ უდანაშაულობას აღარ ამტკიცებს აღარავისთან. დანაშაული იქნა ჩადენილი.
რაც შეეხება სასჯელებს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ის, ვინც გაიაზრებს საკუთარ დანაშაულს; ის, ვინც ითანამშრომლებს გამოძიებასთან; ის, ვინც აღიარებს და გაიაზრებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ წასვლა არ შეიძლება, მის მიმართ იქნება ჰუმანური და ადეკვატური დამოკიდებულება. ეს დადასტურდა. სადაც იყო აღიარება, პროკურატურა წავიდა შემხვედრ ნაბიჯებზე და ეს ადამიანები გარეთ არიან. სადაც იყო მიმართვა პრეზიდენტისადმი შეწყალების თხოვნით და დანაშაულის აღიარება, პრეზიდენტი წავიდა შემხვედრ ნაბიჯზე და ეს ადამიანები გარეთ არიან. ციხეში რჩებიან ისინი, ვინც დღეს ბრიუსელისა და შიდა ოპოზიციის უსინდისობის პატიმრები არიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


