გია ვოლსკი: “გარეჯის რუკები არა ირაკლი ღარიბაშვილის ხათრით ჩამოიტანა ვინმემ, არამედ დავით ხიდაშელმა ჩამოიტანა და ამ საკითხებში ბიძინა ივანიშვილი ასრულებდა მთავარ როლს, რომელმაც არაერთხელ გადაუხადა მადლობა დავით ხიდაშელს”

44

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორის, ლაშა ნადარეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ციხეში გამოკეტილმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლომის ხახიდან ამოიღო საიდუმლო რუკები [გარეჯის], როგორც უტყუარი მტკიცებულება, რომ გარეჯის სადავო ტერიტორიები ეკუთვნის საქართველოს.

„ალიანსიდან უკვე საკმაოდ ბინძური ბრალდებები გვესმის. „პატრიოტთა ალიანსი“, „ასავალ-დასავალი“ თითქოს ირაკლი ღარიბაშვილს შემოახტნენ ზურგზე და პოლიტიკური დივიდენდების ჩაწერა დაიწყეს.

ეს რუკები დავით ხიდაშელმა ჩამოიტანა. ბიძინა ივანიშვილმა თავისი პატრიოტული როლი კიდევ ერთხელ შეასრულა თავისი ქვეყნის წინაშე, რაც არაერთხელ გაუკეთებია და მადლობაც გადაუხადა და ჩვენც მადლობა უნდა გადავუხადოთ დავით ხიდაშელს, რომ საკუთარ სამშობლოში ჩამოიტანა ეს რუკები, რომელიც აღნიშნავს იმას, რომ წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაული.

აბსოლუტურად არაფერ შუაშია ირაკლი ღარიბაშვილი. რომ ყოფილიყო, ამასაც არავინ დამალავდა. პოზიტიურიც ბევრი აქვს გაკეთებული და არასდროს დაგვიმალავს, უბრალოდ, დანაშაული აქვს ჩადენილი და ამ დანაშაულის გადაფარვის თვალსაზრისით, ასეთ ალიანსში, ასეთი ფორმით დაპირისპირება საკუთარ სახელმწიფოსთან არათუ მისაღები, არამედ უსინდისობაა.

როგორ შეიძლება ასეთი ტყუილი ან ირაკლი ღარიბაშვილის ასეთი ტყუილის მძევლად ჩამოყალიბება, ესეც ძალიან მტკივნეული თემაა.

ეს რუკები არა ირაკლი ღარიბაშვილის ხათრით ჩამოიტანა ვინმემ, არამედ დავით ხიდაშელმა ჩამოიტანა და ამ საკითხებში, რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილი ასრულებდა მთავარ როლს. მადლობა ერთსაც და მეორესაც, და თავად ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ გადაუხადა მადლობა დავით ხიდაშელს.

რასაკვირველია, პრემიერი ირაკლი კობახიძე თავისი კომპეტენციის ფარგლებში იყო ჩართული ამ საკითხებში და, როგორც აღნიშნა, საკმაოდ რთულ ვითარებაში მიმდინარეობს გარკვეული მოლაპარაკებები, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კისერზე შემომხტარ რედაქციას, ჟურნალისტს, პოლიტიკურ ჯგუფს სურთ, რაღაც დივიდენდი მიიღონ ამ პოლიტიკურ ასპარეზზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.