„ეს არ არის პირველი თავდასხმა – უკვე დიდი ხანია, ჩვენს ქვეყანაზე ამ მიმართულებით შეტევა მიმდინარეობს. დღევანდელი განცხადებაც ზუსტად იმას ემსახურება, რომ კიდევ ერთხელ დაარტყან ჩვენს ქვეყანას და კიდევ ერთხელ ცილი დაგვწამონ“, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ილია ინჯიამ გაერო-ში ევროკავშირის დელეგაციის ელჩის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
„ეს არ არის პირველი თავდასხმა – უკვე დიდი ხანია, ჩვენს ქვეყანაზე ამ მიმართულებით შეტევა მიმდინარეობს. პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი კომენტარი ამ საკითხზე ნამდვილად საკმარისად მკაცრი იყო და ხაზი გაუსვა ყველა იმ დეტალს, რასაც მათი მხრიდან ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამება ჰქვია.
ყველაფერი ეს იქიდან მოდის, რომ არანაირი არგუმენტით საუბარი არ არსებობს. ამ ყველაფერზე თვალებს ხუჭავენ, არცერთი სიტყვა და საუბრის მცდელობაც არ ჰქონიათ, რომ კონკრეტულად გაგვევლო ნებისმიერი შემთხვევა და გვქონოდა იმის დამტკიცების შანსი, თუ რა არის ჩვენთვის პრიორიტეტი, რატომ მივიღეთ ეს კანონები და ჩვენ შემდეგ რატომ მიიღეს მსგავსი კანონები ევროპის იმ ქვეყნებმა, რომლებმაც ამაზე მუშაობა დაიწყეს, ზოგმა კი უკვე მიიღო კიდეც.
ევროპაში საკმარისი ქვეყნებია, რომლებიც ზუსტად იმ გზას გადიან, რაც ჩვენ გავიარეთ. დღევანდელი კრიზისიც, ალბათ, აქედან გამომდინარეობს – იმ მდგომარეობიდან, რომელშიც დღეს ევროპაა. მათ გადაუხვიეს ბევრ ისეთ ევროპულ გზას, რომლითაც მიმზიდველი იყო მათთან ურთიერთობა, თანამშრომლობა, გაერთიანება და ასე შემდეგ. ეს ფასეულობები თუ დაიკარგა, ეს შეხედულებები და ასეთი ორმაგი სტანდარტებით თუ დაიწყეს ურთიერთობები ჩვენთანაც და სხვა ქვეყნებთანაც, ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ ურტყამს სუვერენიტეტს, ქვეყნის ინტერესებს, ტრადიციებს და ა.შ.
კრიზისი, რომელიც დღეს ევროპას სჭირს, ზუსტად იქიდან გამომდინარეობს, რომ მათ აქვთ ორმაგი სტანდარტები, უარგუმენტოდ ბრალდებები და ცილისწამება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის მსგავსი დამოკიდებულება ვერასდროს გახდება მისაღები.
დღევანდელი ეს განცხადებაც ზუსტად იმას ემსახურება, რომ კიდევ ერთხელ დაარტყან ჩვენს ქვეყანას და კიდევ ერთხელ დაგვწამონ ცილი. ეს აბსოლუტურად მიუღებელია“, – განაცხადა ილია ინჯიამ.


