დავით ჩიხელიძე: „შესაბამისმა უწყებებმა ადამიანი პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფისთვის დაიბარეს. სამართალწარმოება სწორედ პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფის ფაქტზე დაიწყო და არა რუსეთის მოქალაქეების შეურაცხყოფისთვის, როგორც ამას თორნიკე რაზმაძე საზოგადოებისთვის, შეგნებულად, სხვაგვარად წარმოჩენას ცდილობს“

47

„თორნიკე რაზმაძე სკანდალის შექმნას კვლავ ფაქტების დამახინჯებით ცდილობს! შესაბამისმა უწყებებმა ადამიანი პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფისთვის დაიბარეს. სამართალწარმოება სწორედ პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფის ფაქტზე დაიწყო და არა რუსეთის მოქალაქეების შეურაცხყოფისთვის, როგორც ამას რაზმაძე საზოგადოებისთვის, შეგნებულად, სხვაგვარად წარმოჩენას ცდილობს“, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

„სიძულვილის ენისა და შეურაცხმყოფელი ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლა დასავლური დემოკრატიული ქვეყნების ჩვეულებრივი პრაქტიკაა. შესაბამისად, კონკრეტული პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, თავისთავად, არც განსაკუთრებული შემთხვევაა და არც „დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლა“. ეს სამართლებრივი/დემოკრატიული სახელმწიფოს ყოველდღიური რეალობის ნაწილია.

რაზმაძე ცდილობს, საკუთარი პასუხისმგებლობა პოლიტიკური სპექტაკლის ნაწილად აქციოს, ფაქტებს ამახინჯებს და საზოგადოებას ისეთ სურათს უხატავს, რომელიც რეალობასთან კავშირში არ არის. პარადოქსია, მაგრამ რაზმაძის პოზიციაში და მის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაში უცნაური არაფერია, რადგან რაზმაძისგან სიცრუის ტირაჟირებას მიჩვეულნი ვართ“, – წერს ჩიხელიძე.