შალვა პაპუაშვილი თორნიკე რაზმაძის განცხადების შესახებ: „უნდა, რომ თავი წარმოაჩინოს ტანჯულ გმირად, რომელიც ხან ცრემლებით ებრძვის რუსეთს, ხან გინებით და ამისთვის მას მთელი სახელმწიფო დასდევს, რომ დასაჯოს ამ ქმედებისთვის. ეს არის აბსურდი“

26

„[თორნიკე რაზმაძეს] უნდა, თავი წარმოაჩინოს ტანჯულ გმირად, რომელიც ხან ცრემლებით ებრძვის რუსეთს, ხან გინებით და ამისთვის მას მთელი სახელმწიფო დასდევს, რომ დასაჯოს ამ ქმედებისთვის. ეს არის აბსურდი”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად ოპოზიციონერი აქტივისტის – თორნიკე რაზმაძის განცხადებაზე, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოში იბარებს იმის გამო, რომ სოციალურ ქსელში კრემლის პროპაგანდისტებს შეაგინა ერეკლე მეფის შეურაცხყოფისთვის.

„შსს-მ პასუხი გასცა. მოდით, შევხედოთ, რა არის მიზეზი: ყველა ვხედავთ, რომ ეს ადამიანი არის ემოციურად დაზიანებული პიროვნება და, ჩემი აზრით, ჩვენ რასაც ვუყურებთ მის ასეთ ისტერიულ გამოვლინებებს, თუნდაც ახლა რომ თითქოს მას სჯიან იმისთვის, რომ რუს პროპაგანდისტს მიაყენა შეურაცხყოფა და ის არის ახლა წამებული გმირი… ეს არის მისი ფსიქოთერაპიის სეანსი, რომ თავი უნდა წარმოაჩინოს ტანჯულ გმირად, რომელიც ხან ცრემლებით ებრძვის რუსეთს, ხან გინებით და ამისთვის მას მთელი სახელმწიფო დასდევს, რათა დასაჯოს ამ ქმედებისთვის. ეს არის აბსურდი. შსს-მ ამაზე განცხადება გააკეთა და, მათ შორის, თქვა, რომ ეხება ერთი პოსტის ქვეშ კომენტარს. ერთი კონტექსტია იქ. სხვათა შორის, მან დამალა, ვიდეოს გაჩვენებთო და მოჭრა დასაწყისი, რომ ეს ყველაფერი ირაკლი კობახიძის ბრიფინგიდან იწყებოდა. ასეთ ტყუილებს მოკლე ფეხები აქვს. ამ ადამიანის ფსიქოლოგიური სეანსის მონაწილეები ნუ გავხდებით. მისგან გმირი რომ არ გამოვა – მე მგონი, ყველა ვხედავთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.