ირაკლი ხელაძე: „გახარია დამოუკიდებელი მოთამაშე არ არის – ის იმავე ვერტიკალშია, რომელშიც დანარჩენი აგენტურული ქსელია. შესაბამისად, უფრო სამართლიანია, თუ „გახარია საქართველოსთვის“ ამ საკონსტიტუციო სარჩელში იქნება“

13

„გახარია დამოუკიდებელი მოთამაშე არ არის – ის იმავე ვერტიკალშია, რომელშიც დანარჩენი აგენტურული ქსელია. შესაბამისად, უფრო სამართლიანია, თუ „გახარია საქართველოსთვის“ ამ საკონსტიტუციო სარჩელში იქნება“, – ამის შესახებ უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი ხელაძემ გახარიას პარტიის საკონსტიტუციო სარჩელში დამატებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„უფრო ფართო ჭრილში და სამართლიანობის მიხედვით რომ განვიხილოთ ეს საკითხი, ჩემი აზრით, ლოგიკურია პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ მოხსენიება იმ პარტიებთან ერთად, რომლებიც უკვე არიან საკონსტიტუციო სარჩელში და გამოირჩევიან ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით, დესტრუქციითა და სახელმწიფოს მიმართ მუდმივად დამაზიანებელი ნაბიჯებით. ჩვენ უკვე დარწმუნებით ვიცით, რომ გახარია არ არის დამოუკიდებელი მოთამაშე – ის იმავე ვერტიკალში იმყოფება, რომელშიც დანარჩენი აგენტურული ქსელია, რომელიც უკვე მოხვდა საკონსტიტუციო სარჩელში. ეს არის იმ ლოგიკური პროცესის გაგრძელება, რომელიც ამ პარტიებთან მიმართებაში დაიწყო. ჩემი აზრით, ის არგუმენტები, რაც უმრავლესობის ლიდერის ბრიფინგზე ითქვა და რაც საკონსტიტუციო სარჩელში იქნება მოყვანილი, სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ეს ყველაფერი დასაშვებად ცნოს და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ იმავე გზას გაუყენოს, რასაც წინა პარტიები გაუყენა.

ჩვენ არაერთი მაგალითი გვაქვს პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ მჭიდრო თანამშრომლობისა იმ დესტრუქციულ და ანტისახელმწიფოებრივ ძალებთან, იმ აგენტურულ ქსელთან, მათ შორის მაღალ პოლიტიკურ დონეზე, რომლებიც ერთიანი ძალებით ცდილობდნენ, დაეზიანებინათ სახელმწიფო და ხალხის ინტერესები თუნდაც თვითმმართველობის დონეზე. ისინი ცდილობენ, საზოგადოებას მუდმივი დესტრუქციული პოლიტიკური დღის წესრიგი შესთავაზონ და თავიანთი ანტიკონსტიტუციური განცხადებებით ქვეყანაში მუდმივი ტურბულენცია გამოიწვიონ. შესაბამისად, უფრო სამართლიანი იქნება, „გახარია საქართველოსთვის“ ამ საკონსტიტუციო სარჩელში იყოს, ვიდრე არ იყოს, მით უმეტეს, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა განცდა და კითხვა – რატომ არ იყო თავის დროზე ეს პარტია ამ სარჩელში? თავიდან გვეგონა, რომ ისინი კონსტრუქციულ რეჟიმში გადავიდოდნენ და საპარლამენტო ტრიბუნას იმისთვის გამოიყენებდნენ, რომ ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის ჯანსაღი ოპონირება გაეწიათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ მივიღეთ. ამიტომ ეს გადაწყვეტილება უფრო სამართლიანად მიმაჩნია, ვიდრე მათი არყოფნა ამ სარჩელში.

ვადებს რაც შეეხება: როდესაც ახალი სარჩელი შედის, 9-თვიანი პერიოდის ათვლა თავიდან იწყება, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ 9 თვეს მკაცრად არ მიჰყვეს, საკითხი უფრო ადრე განიხილოს, გადაწყვეტილება ნაადრევად გამოაცხადოს, მსჯელობა ადრე გახსნას და ეს პროცესი დასასრულამდე მიიყვანოს. დარწმუნებული ვარ, ერთი პარტიის დამატება პროცესს უსასრულოდ არ გაწელავს“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.