საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ხელაძემ გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ სახლემწიფო უსაფრთხოების სამსახურში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა.
„პირველ რიგში, აუცილებლად ჩვენი გუნდის სახელით მადლობა უნდა გადავუხადოთ ბატონ გეკა გელაძეს, რომელმაც მართლაც მუხლჩაუხრელი შრომა გასწია როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრის თანამდებობაზე. აქ აუცილებლად უნდა გამოვყოთ მისი თავდაუზოგავი ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით, რამაც ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან ხელშესახები შედეგები მოგვცა. ასევე აღსანიშნავია ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ჩატარებული უპრეცედენტოდ მასშტაბური ღონისძიებები, რომლებმაც ბევრი დამნაშავე გამოავლინა და პასუხისმგებლობაში მისცა. სამწუხაროდ, ეს ცვლილება მისი პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდა.
ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ბატონი თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა, რომელიც 20 წლის განმავლობაში საქმიანობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ის სუს-ის წიაღიდანაა წამოსული, კარიერულად ძალიან ბევრი საფეხური აქვს გავლილი და, შესაბამისად, მისი ცოდნა, დაგროვილი გამოცდილება და კომპეტენცია, დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდ სარგებელსა და წარმატებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას. ბატონი თამაზი ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციას იკავებს, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ ის ამ ყველაფერს წარმატებით გაართმევს თავს და ეს საბოლოოდ შედეგებზეც აისახება“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.


