პეტრე მამრაძე ისლანდიის რეფერენდუმზე: „ეს არის ღია გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მიმზიდველი აღარ არის და აღარც უნდათ“

19

„ეს არის ფაქტი და ღია გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მიმზიდველი აღარ არის და აღარც უნდათ“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, პეტრე მამრაძემ ისლანდიის რეფერენდუმზე საუბრისას განაცხადა.

„გარდა ამისა, ისლანდიელები ხედავენ, რომ მათი ტრადიციული ეროვნული საქმიანობა – რეწვა და თევზჭერა – ძალიან დიდ ზარალს მიიღებდა. ანუ ის კი არ თქვეს, რომ მოდით, იყოს ეკონომიკური ზარალი და ევროკავშირში შესვლის გულისთვის ეს ღირსო.
სხვათა შორის, მახსენდება ჩვენთან ასოცირების ხელშეკრულების გამო როგორი ზარზეიმი იყო და მაშინდელი პრემიერი როგორ აცხადებდა, რომ მორჩა, ევროკავშირში შევდივართ, ეს გზა შეუქცევადია და ასე შემდეგ. ამ დროს ჩვენი კვალიფიციური ექსპერტები წერდნენ, რომ პირველ თვეებში საქართველომ რამდენიმე ათეული მილიონი ევრო დაკარგა იმის გამო, რომ სიმეტრიული გადახდები არ იყო და ასე შემდეგ. ჩვენ ეს საფასური გადავიხადეთ. მაშინ გამოდიოდა გერჰანი – ევროკავშირის წესიერი, ნორმალური ელჩი – და ამბობდა: ღმერთმა ნუ ქნას, სწრაფად შეხვიდეთ, მიწასთან გასწორდება თქვენი ეკონომიკაო. დიახ, იყვნენ ასეთი ადამიანები. ისლანდიამ კი არაფერი დათმო იმის სანაცვლოდ, რომ ეს სტატუსი მიეღო. ეს ძალიან დიდი გზავნილია.

ისლანდიის რეფერენდუმის შემდეგ ჩვენ ვნახეთ, კოსმა რომ განაცხადა: ევროკავშირი მიმზიდველია, როგორც არასდროსო. აი, ასეთი არაადეკვატური განცხადებები კეთდება მაშინ, როდესაც რაღაც ირღვევა და შველა არ არის. ეს რომ იყოს ჯანსაღი ინსტიტუტი, კოსი პირველი იტყოდა: დიახ, არის გარკვეული პრობლემები, ჩვენ მეტი მუშაობა გვმართებს, ქვეყნებს ჩვენი პლუსებიც და მინუსებიც უნდა ავუხსნათ, ბევრი რამე უნდა შევცვალოთ ჩვენს პოლიტიკაშიო. წესით, ეს უნდა ეთქვა, მაგრამ არა — მიმზიდველები ვართ, როგორც არასდროსო, ისე თქვა“, – განაცხადა პეტრე მამრაძემ.