„მიმდინარეობს დასავლური ფასეულობების რღვევა და თან ისეთი სისწრაფით, რომ მოულოდნელიც კი იყო“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, პეტრე მამრაძემ მარტა კოსის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
„მართალი გითხრათ, არ ველოდი, რომ რომელიმე ევროკომისარი ასეთ რამეს იტყოდა. რატომ? იმიტომ, რომ არავინ უარყოფს იმას, რომ ტრამპმა გაიმარჯვა და ამერიკის პრეზიდენტი მეორედ გახდა – თანაც არა ზედიზედ, არამედ ერთი ვადის გამოტოვებით, ზუსტად თავისი წინასაარჩევნო პროგრამით. ამ ლოზუნგმა, რომელიც ჯერ კიდევ 30-იან წლებში გაჟღერდა ამერიკაში, მასების მობილიზება მოახდინა და არავინ ამბობს უარს იმაზე, რომ ეს იყო დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
როდესაც აღიარებ, რომ ხელისუფლება დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგად მოვიდა, და იქვე ამბობ – ვისაც ევროკავშირში გაწევრიანება გინდათ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა უნდა გაწყვიტოთო, ეს ორმაგი სტანდარტია.
სხვათა შორის, ამ ფონზე მარტა კოსს ჰკითხეს: კი მაგრამ, ბოლო დროს ჩინეთთან ურთიერთობა მთელი ევროპისა და ევროკავშირის მასშტაბით მხოლოდ გაღრმავდა და გაუმჯობესდა, ეს მაშინ როგორ და რატომო? აქაც ხომ არავინ უარყოფს, რომ საქმე გვაქვს კომუნისტურ, ერთპარტიულ სისტემასთან, სადაც ერთ პარტიას სრული ძალაუფლება აქვს, მიუხედავად იმისა, რა მიღწევები აქვთ ტექნოლოგიებში, ეკონომიკაში თუ სხვა სფეროებში.
ევროპა ამ ვითარებაში, როდესაც ტრამპმა ძალიან მკვეთრად აუხსნა, რომ „ძიძა“ და უფასო ქოლგა აღარ იქნება (გახსოვთ, იგივე უკრაინისთვის დახმარება: კი ბატონო, იყიდეთ ჩვენი წარმოების იარაღი და მერე ვისაც გინდათ, იმას მიყიდეთ, თქვენი ნებააო – თქვა ტრამპმა და ამას ასრულებსაც), ძალიან შეიცვალა. თუმცა მთავარი მაინც კულტურული მომენტია: ის, რომ ამ ადამიანმა შეძლო და ყველას საჯაროდ განუცხადა, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, და შესაბამის აქტს ხელი მოაწერა, ნამდვილი ბომბი იყო. საქმე ისაა, რომ ევროპასა და ევროკავშირში დიდი ხანია მთავარი ლაკმუსის ქაღალდი და ტესტი იმისა, ხარ თუ არა ევროპელი, ერთსქესიანთა ქორწინებისთვის მხარდაჭერის გამოცხადებაა. პასუხი მხოლოდ ერთი უნდა იყოს – ან დიახ, ან არა, სხვა პასუხი არ მიიღება.
მარტა კოსის მიერ გაჟღერებული მესიჯი პირველ რიგში კანდიდატ წევრებს უნდა ეხებოდეს, რადგან თუ კანდიდატს ეკრძალება (ურთიერთობა) და ეს მიღება-არმიღების კრიტერიუმი ხდება, მაშინ სრულუფლებიან წევრებს რაღა უნდა მოსთხოვონ? რაც მთავარია, სახეზეა ორმაგი სტანდარტი, რადგან ამ მოთხოვნას თავად წევრი ქვეყნებიც არ შეასრულებენ.
როგორ უნდა იმოქმედოს საქართველოს ხელისუფლებამ? სულ ამას ვამბობთ: „ნეიტრალური საქართველო“, რომ მიდგომა არის მხოლოდ და მხოლოდ პრაგმატული ნებისმიერ სახელმწიფოსთან, საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით. ეს არ არის ადვილი – აქ ისეთი ფაქიზი ბალანსის დაცვაა საჭირო, რომ ყველა მოქმედმა აქტორმა დაინახოს: შენ არ ხარ მიკერძოებული და ზოგადად ასეთ პოლიტიკას აწარმოებ“, – განაცხადა პეტრე მამრაძემ.


