მაია ბითაძე: “სფეროში მოვდივარ მრავალწლიანი სახელმწიფო სამსახურებრივი გამოცდილებით და დიდი სურვილით, მოვუსმინო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ქმნის ქართულ კულტურას, არის დარგის პროფესიონალი, გული შესტკივა და უყვარს ეს სფერო”

10

“ეს გადაწყვეტილება ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ნდობაა”, – განაცხადა მაია ბითაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, სადაც პრემიერ-მინისტრმა ის კულტურის მინისტრის პოზიციაზე წარადგინა.

“ძალიან კარგად ვიაზრებ პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც მე მაკისრია, როგორც გუნდის, ასევე, თითოეული იმ ადამიანის წინაშე, რომელიც ქმნის ქართულ კულტურას.

კულტურა არა მხოლოდ შემოქმედება, არამედ ჩვენი ერის თვითმყოფადობის, იდენტობის ნაწილია – სწორედ ის ენაა, რითაც უნდა ვესაუბროთ მთელ მსოფლიოს.

ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მთელ გუნდს და ჩემს კოლეგებს, ყველა იმ ადამიანს, რომლებთან ერთადაც, წლებია, ვემსახურები ჩვენს ქვეყანას.

ძალიან კარგად მესმის, თუ რა დიდი გზა გვაქვს გასავლელი.

იმედი მაქვს, რომ წარმატებული იქნება ჩვენი საქმიანობა, ღირსეულად გავართმევ თავს იმ ნდობასა და პასუხისმგებლობას, რომელიც მე გუნდამა დამაკისრა.

სფეროში მოვდივარ მრავალწლიანი სახელმწიფო სამსახურებრივი გამოცდილებით და ძალიან დიდი სურვილით, რომ მოვუსმინო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ქმნის ქართულ კულტურას, არის დარგის პროფესიონალი, გული შესტკივა და უყვარს ეს სფერო”, – განაცხადა მაია ბითაძემ.