მაშველებმა მესტიაში დაშავებული ადამიანი ვერტმფრენით უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს

7

სვანეთში, მდინარე არშირას მიმდებარედ, ალპურ ზონაში მყოფი დაშავებული ადამიანი მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112-ში” შემოსული ინფორმაცით, სამი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი სალაშქროდ გადაადგილდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ქვედა კიდურის დაზიანება მიიღო და დამოუკიდებლად გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა.

დაშავებულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაიწყო სამაშველო ოპერაციის დაგეგმვა, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა დაშავებული ადამიანი ვერტმფრენის საშუალებით ჩაიყვანეს ქუთაისში, საიდანაც მოხდა მისი კლინიკაში გადაყვანა.