“ჩვენი ეკონომიკური ზრდა, პირველი რვა თვის მონაცემებით, შეადგენს დაახლოებით 8 პროცენტს. ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ფართო რეგიონში და ეს მაჩვენებელი ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან მყარად გვიჭირავს. ეს, რა თქმა უნდა, ჰპოვებს ასახვას ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის ზრდაზე და, შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
„როდესაც ოპოზიცია გვსაყვედურობს, რომ ეკონომიკა თითქოს იზრდება და ამ ციფრებით ჩვენ, ასე ვთქვათ, „ვმანიპულირებთ“, ეს კიდევ ერთი ბოდვაა მათი მხრიდან, ვინაიდან, რა თქმა უნდა, ეკონომიკაზე არის მიბმული ბიუჯეტი, რომელიც იზრდება წლიდან წლამდე რამდენიმე მილიარდით და 36 მილიარდს გადასცდა ჩვენი ნაერთი ბიუჯეტი მიმდინარე წელს.
როდესაც ისინი საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს, მოქალაქეები ამას ვერ გრძნობენ, რა თქმა უნდა, ესეც ტყუილია იქიდან გამომდინარე, რომ შეგვიძლია მარტივად შევხედოთ, მაგალითად, საშემოსავლო გადასახადს, რომელიც წინა წლის იგივე პერიოდთან გაზრდილია, დაახლოებით, 700 მილიონი ლარით, ვინაიდან უფრო მეტი ადამიანი არის დასაქმებული; ვინაიდან ხელფასები არის გაზრდილი.
შეგვიძლია, შევხედოთ სიღარიბეს – დაახლოებით 280 000 ადამიანი არის ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც ცხოვრობს, სამწუხაროდ, სიღარიბის ზღვარს მიღმა, რომელიც ნამდვილად მაღალი ციფრია ჩვენხელა ქვეყნისთვის. თუმცა, იმასაც უნდა შევხედოთ, რომ ქვეყანა როდესაც გადმოვიბარეთ, ეს ციფრი მილიონზე მაღალი იყო.
ხოლო ჩვენ თუ გავაგრძელეთ ასეთი ეკონომიკური ზრდით სვლა, ეს ციფრი 2028 წლისთვის განახევრდება და, რა თქმა უნდა, ჩვენ თავიდან ბოლომდე ამისკენ ვართ მომართულები.
იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ დაახლოებით მესამედი მთლიანი ბიუჯეტისა შეადგენს ჯანდაცვის მიმართულებას, საიდანაც 2 მილიარდ ლარზე მეტი არის მხოლოდ ჯანდაცვის პროგრამები, რომლებიც პირდაპირ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე მიემართება. და რაზე ჰპოვებს ეკონომიკური ზრდა გავლენას?
იგივე, რომ ვისაუბროთ ჩვენს უპრეცედენტო გადაწყვეტილებაზე, რომ უმაღლესი განათლება გახდა უფასო, რომელიც აქამდე არ ყოფილა და ძალიან ბევრი ქვეყანა არ არის განებივრებული ამ სიკეთით… იგივე ჩვენი ნაბიჯები, რომელსაც ახლა ვდგამთ ქონების გადასახადის მოხსნის კუთხით – 40 000-ლარიანი ზღვარი იხსნება და, დაახლოებით, 80 000 და კიდევ მეტი ჩვენი თანამოქალაქე თავისუფლდება საგადასახადო წნეხისგან. იგივე საპენსიო გადასახადებზე ამნისტია, რომლის შესახებ ცვლილებები ახლა უნდა შევიდეს და რომელიც ძალიან ბევრ კომპანიას უხსნის ამ საგადასახადო წნეხს… რა თქმა უნდა, ეს ის ნაბიჯებია, რომელიც მოჰყვება ეკონომიკურ ზრდას”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.


