გია აბაშიძე მარტა კოსის განცხადებაზე: „უპრეცედენტო, ტოქსიკური და არაშორსმჭვრეტელური განცხადებაა, თუმცა მარტა კოსისგან სხვას არც უნდა მოელოდე“

8

„უპრეცედენტო, ტოქსიკური და არაშორსმჭვრეტელური განცხადებაა, თუმცა მარტა კოსისგან სხვას არც უნდა მოელოდე“, – ასე შეაფასა ანალიტიკოსმა, გია აბაშიძემ მარტა კოსის განცხადება.

„უპრეცედენტო, ტოქსიკური და არაშორსმჭვრეტელური განცხადებაა, თუმცა მარტა კოსისგან სხვას არც უნდა მოელოდე – ის ზუსტად ისეთივე ყალიბისაა, როგორც კაია კალასი. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი თავისუფლების, მრავალფეროვნების, ინსტიტუციების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის სივრცეა. აქ უკვე კანდიდატ ქვეყნებს უწესებენ, როგორი პოლიტიკური გემოვნება და ორიენტაცია უნდა ჰქონდეთ: მე რასაც გეტყვი ბრიუსელიდან, იმასთან უნდა იმეგობრო, მაგალითად – ტრამპს არ უნდა ეკონტაქტო, თორემ მაშინ უნდა დაემშვიდობო ევროკავშირსო.

რატომ არის ეს არაშორსმჭვრეტელური? ფსევდოლიბერალიზმის თანამედროვე წარმომადგენლებში შორსმჭვრეტელობა ვერანაირად ვერ იქნება, იმიტომ რომ ეს ნეოგლობალისტებისთვის ურთულესი სიტუაციაა.

რა არის MAGA? ეს ტრამპის მოძრაობაა. ნუთუ არ იციან ევროკრატიის ხელმძღვანელებმა სოციოლოგიური კვლევები და ამერიკელების განწყობები – რომ თუ ტრამპი წავა, მის შემდეგ მის საქმეს დიდი ალბათობით ჯეი დი ვენსი ან მარკო რუბიო გააგრძელებს? და ვისთან მოდიხარ წინააღმდეგობაში? ამერიკასთან?! ამაზე მეტი ჩლუნგობა არ შეიძლება.

მე ცოტა არ იყოს ვფილტრავ იმ ტერმინებს, შედარებებსა და მეტაფორებს, რასაც რეალურად ამერიკელები და ევროპელები უწოდებენ მარტა კოსს, მაგრამ როგორი ჩლუნგი უნდა იყო, რომ ასეთი ფსევდოლიბერალური სისულელე თქვა?!“ – განაცხადა გია აბაშიძემ.