ეკა სეფაშვილი გახარიას პარტიაზე: „იმის მაგივრად, ესარგებლათ ხალხის ნდობით და ემუშავათ ხალხის ინტერესების სასარგებლოდ, მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი ეწეოდნენ საბოტაჟს, იმეორებდნენ აგენტურული ქსელის ნარატივს, მოსაზრებებს, მათ მიერ შემუშავებულ სტრატეგიებსა და კოორდინირებულ მესიჯებს“

7

„იმის მაგივრად, ესარგებლათ ხალხის ნდობით და ემუშავათ ხალხის ინტერესების სასარგებლოდ, მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი ეწეოდნენ საბოტაჟს, იმეორებდნენ აგენტურული ქსელის ნარატივს, მოსაზრებებს, მათ მიერ შემუშავებულ სტრატეგიებსა და კოორდინირებულ მესიჯებს“, -ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა გახარიას პარტიის საკონსტიტუციო სარჩელში დამატებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ, „ხალხის ძალა“, აუცილებლად შევუერთდებით ამ სარჩელს გახარიას პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით. ეს საკითხი დღეს იყო დებატების საგანი და აღვნიშნავ ერთ მომენტს – თვითონ გახარიას პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იგი ამ გადაწყვეტილებას მოელოდა. ანუ, ძალიან კარგად იცოდნენ, რა მავნებლობას ჩადიოდნენ და ისე არ იქცეოდნენ, როგორც შეეფერება ნამდვილ ოპოზიციას.

ამაში ვგულისხმობ პირველ რიგში იმას, რომ ოპოზიცია, რომელიც პოლიტიკურ საზოგადოებაშია და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს, უპირველესი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ქვეყნის ინტერესები. ამა თუ იმ საკითხზე ოპონირება, რა თქმა უნდა, უნდა მიმდინარეობდეს იმის გათვალისწინებით, როგორ იქნება უკეთესი ხალხისთვის, როგორ იქნება უკეთესი საქმისთვის, ვარღვევთ თუ არა ვინმეს ინტერესებს და თუ ვარღვევთ, როგორ შეიძლება ამის შემსუბუქება. იმიტომ, რომ ნებისმიერ პოლიტიკას, რაც უნდა განვახორციელოთ, ყოველთვის ეყოლება ის ხალხი, ის საზოგადოება და ფენა, რომელიც გარკვეულწილად ზიანს განიცდის ამ პოლიტიკიდან. რეალურად, პოლიტიკური ოპონირება სწორედ ამ საკითხზე უნდა აპელირებდეს და მუშაობდეს. ეს არის ჯანსაღი ოპოზიცია.

ჩვენ კი ამის სანაცვლოდ რას ვხედავთ მათგან და, არა მხოლოდ მათგან, მთელი ოპოზიციური სპექტრისგან? იმას, რომ ისინი მუშაობენ ქვეყნის საწინააღმდეგოდ, ქართველი ხალხის ინტერესების საპირისპიროდ. აქვთ თავიანთი პირადი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც არავითარ შემთხვევაში და არცერთ მომენტში არ ეთანხმება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებსა და მოსახლეობის სურვილებს.

ასე რომ, ჩვენ ვერ ვუწოდებთ ამას ოპოზიციას. განვლილი პერიოდის განმავლობაში უამრავი ფაქტისა და განვითარებული მოვლენის საშუალებით დავრწმუნდით, რომ ესენი პირდაპირ ასრულებენ გარედან მიღებულ დაკვეთებს. თავის დროზე, როცა პირველი სარჩელი შევიდა საკონსტიტუციოში, იყო კამათი იმაზე, შეგვეყვანა თუ არა გახარიას პარტია ამ სიაში, და გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ რადგან გადადგეს პოზიტიური ნაბიჯი, შევიდნენ პარლამენტში და უარი არ თქვეს საპარლამენტო მანდატებზე, იმ პერიოდში ჩვენ ვამჯობინეთ თავის შეკავება. მაგრამ რეალურად ეს აღმოჩნდა იმ გარე გლობალური ძალების თამაშის ნაწილი, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ ისინი ცდილობდნენ, დაეყოთ ოპოზიცია ორ ნაწილად: ერთი იყო ვითომ კონსტრუქციული ოპოზიცია – გახარიას ფრთა, რომელიც შევიდა პარლამენტში, მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და გარკვეული პოზიტიური იმიჯის შექმნას შეეცადნენ, ხოლო მეორე რადიკალური. მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ იმის მაგივრად, ესარგებლათ ხალხის ნდობით და ემუშავათ ხალხის ინტერესების სასარგებლოდ, მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი ეწეოდნენ საბოტაჟს, იმეორებდნენ აგენტურული ქსელის ნარატივს, მოსაზრებებს, მათ მიერ შემუშავებულ სტრატეგიებსა და კოორდინირებულ მესიჯებს.

აქედან გამომდინარე, სავსებით ცხადი და ლოგიკურია, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველომ გააჯანსაღოს პოლიტიკური ველი და დაიცალოს არა პოლიტიკური ოპოზიციისაგან, არამედ აგენტებისაგან, რომლებიც გარედან იმართებიან“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.