ეკა სეფაშვილი: „მაია ბითაძე არის ძალიან განათლებული, აკადემიური პიროვნება, სამართლის დოქტორი და აქვს საჯარო სექტორში მუშაობის უზარმაზარი გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციებზე, რაც კულტურის სამინისტროშიც გამოადგება“

12

„მაია არის ძალიან განათლებული, აკადემიური პიროვნება, სამართლის დოქტორი და აქვს საჯარო სექტორში მუშაობის უზარმაზარი გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციებზე, რაც კულტურის სამინისტროშიც გამოადგება“, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე, ეკა სეფაშვილი კულტურის მინისტრის პოსტზე მაია ბითაძის დანიშნვას.

„მივესალმები მაია ბითაძის დანიშვნას კულტურის მინისტრად. მაია არის ძალიან განათლებული, აკადემიური პიროვნება – იგი გახლავთ სამართლის დოქტორი, აქვს ფუნდამენტური განათლება და, ამავე დროს, საჯარო სექტორში მუშაობის უზარმაზარი გამოცდილება. წლების მანძილზე იგი მუშაობდა ხელმძღვანელ პოზიციებზე და უწევდა ძალიან ბევრ საკითხთან გამკლავება, მათ შორის ისეთებთანაც, რომელთა მსგავსებიც, დარწმუნებული ვარ, კულტურის სამინისტროშიც უხვად დახვდება.

მოვუსმინე ოპოზიციის შეფასებებს, თითქოს იგი კულტურის სფეროში არ მუშაობდა, არ იცის ამ მიმართულების საკითხები და ა.შ. სინამდვილეში, კულტურის სფეროში არის საკითხები, რომლებზეც მაიას უკვე უმუშავია. მაგალითად, იგი რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ვიცე-მერი და კულტურის საკითხებთანაც ჰქონდა შეხება. ასე რომ, ეს არ არის ადამიანი, რომელსაც კულტურა არ ესმის. თუნდაც იყოს ისეთი თემები, რომლებიც აუცილებლად მოითხოვს შემოქმედებითი ადამიანების ჩართულობას, მადლობა ღმერთს, გვყავს ასეთი პროფესიონალები და მაიას თავისი მუშაობის გამოცდილებიდან გამომდინარე არ გაუჭირდება, აზრი ჰკითხოს იმ კომპეტენტურ ადამიანებს, რომლებიც მასზე გაცილებით მეტ ცოდნას ფლობენ ამა თუ იმ სფეროში.

გული მწყდება, რომ იგი პარლამენტში აღარ იქნება და, რა თქმა უნდა, დააკლდება ჩვენს საპარლამენტო ცხოვრებას, თუმცა ახლა მას მოუწევს კულტურის სფეროში არსებულ გამოწვევებთან გამკლავება, რასაც, დარწმუნებული ვარ, წარმატებით გაართმევს თავს. წარმატებებს ვუსურვებ მას ახალ პოსტზე!“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.