“ასეთი კადრი მნიშვნელოვანია ინსტიტუციისთვის. ეს ადამიანი არის სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი და კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვიტყვი: როდესაც 21 წელი ასეთი სტრუქტურიდან ემსახურები შენს ქვეყანას და იცავ შენი ქვეყნის ინტერესებს, ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან გამოსადეგია იმ სამსახურისთვის, რომელ სამსახურსაც ის უხელმძღვანელებს და მინდა, სულით და გულით ვუსურვო მას წარმატება. დარწმუნებული ვარ, მისი საქმიანობა იქნება ძალიან ეფექტური”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.
ცნობისთვის: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი თამაზ ბორაშვილია. მისი კანდიდატურა პარლამენტმა 83 ხმით დაამტკიცა. დეპუტატებმა სუს-ის უფროსი უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით აირჩიეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრმა ორი დღის წინ წარადგინა – მას შემდეგ, რაც ეს თანამდებობა გეკა გელაძემ დატოვა.


