„მათთვის პოლიტიკაში ყოფნა არის ფულის კეთების საშუალება, ამიტომ, როცა ფინანსები შემცირდა, ერთმანეთს ბრძოლა დაუწყეს იმ გავლენებისთვის, რომლებიც მათ ფულამდე მიიყვანდა“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„მინდა შეგახსენოთ, რომ ის კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ მივიღეთ და რომელსაც ასე გვსაყვედურობს ევროკავშირი, გარკვეული ევრობიუროკრატები თუ მათ მიერ ამერიკაში დაქირავებული კონგრესმენები, ემსახურებოდა ერთ მიზანს – ეს იყო გამჭვირვალობა, რათა საზოგადოებას სცოდნოდა, რა ფული ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში, რა ფული ხმარდება ვითომ სამოქალაქო სექტორს და, რაც ყველაზე მთავარია, რა ფულით კეთდება პოლიტიკა საქართველოში.
კარგად ვიცით და არც დაუმალავთ სხვადასხვა ფონდებს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებ, რომ მათი გავლით ხდებოდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის დაფინანსება, იქმნებოდა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც იგივე სახელი ერქვათ, რაც პოლიტიკურ პარტიას. ატარებდნენ საარჩევნო კამპანიას და ფულს ხარჯავდნენ, როგორც ენჯეოები, თუმცა აკეთებდნენ პოლიტიკური პარტიების საქმეს. ხოლო რას აკეთებდნენ ისინი, ყველამ კარგად ვიხილეთ, მათ შორის 2022 და 2023 წლებში. სწორედ გამჭვირვალობის კანონმა უზრუნველყო ის, რომ ქართულ პოლიტიკაში გარედან უკონტროლო ფული ვერ ხვდება, ხოლო რაც ხვდება, ისიც უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე.
აქედან გამომდინარე, მათ დააკლდათ დაფინანსება, თუმცა არ დაკლებიათ გარედან დავალებების მიღება. ასე რომ ვთქვათ, ფული ცოტაა, დავალებები – ბევრი. დავალებებთან ერთად, ის თანხა ვიღაცამ უნდა გაინაწილოს და მიიღოს, იმიტომ რომ, თუნდაც თუ შევადარებთ 2020 ან 2024 წლის პარლამენტის არჩევნების შედეგებს, იქაც ჩანს, რა მხარდაჭერა აქვთ მათ მოსახლეობაში. მთავარი, რითაც ეს ორი არჩევნები ჰგავდა ერთმანეთს, იყო ის, რომ არცერთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა პარლამენტში არ შემოვიდა. ანუ, რისთვისაც ის აირჩია მათმა ამომრჩეველმა, არ შეასრულეს. მათთვის პოლიტიკაში ყოფნა არის ფულის კეთების საშუალება, ამიტომ, როცა ფინანსები შემცირდა, ერთმანეთს ბრძოლა დაუწყეს იმ გავლენებისთვის, რომლებიც მათ ფულამდე მიიყვანდა.
ის, რომ ისინი პირდაპირ ამბობენ და არც მალავენ არც გვარამია და არც სხვა პოლიტიკური ლიდერები – რომ ისინი ფულს იზიდავდნენ პოლიტიკურ პარტიაში, ფაქტობრივად ყიდდნენ საარჩევნო ადგილებს და სიაში ხვდებოდნენ არა რაიმე დამსახურებით, არამედ იმის მიხედვით, თუ ვინ უფრო მეტი ფული გადაიხადა.
ახლაც ეს ბრძოლა იმისთვის კი არ მიდის, რომ გამოჩნდეს, რეალურად ვინ არის დამნაშავე და ვინ რამდენი მოიპარა, არამედ იმისათვის, რომ ვიღაცა დაწინაურდეს ვიღაცის თვალში, ვიღაცის კარზე, რომ დაფინანსება წამოიღოს“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.


