ვლადიმერ ბოჟაძე მარტა კოსის განცხადებაზე: „ჩვენი არჩევანი ევროპაა, მაგრამ არა სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების ხარჯზე. მარტა კოსის და სხვა ევროკომისრების ჭკუაზე არ ვივლით – საქართველოს ბედს ქართველი ხალხი წყვეტს“

14

„ჩვენი არჩევანი ევროპაა, მაგრამ არა სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების ხარჯზე. მარტა კოსის და სხვა ევროკომისრების ჭკუაზე არ ვივლით – საქართველოს ბედს ქართველი ხალხი წყვეტს“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ მარტა კოსის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

„წარმოიდგინეთ, რომ მე-20 საუკუნეში ორი მსოფლიო ომი იყო და ევროპამ პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს ფაქტობრივად გაანადგურა ერთმანეთი – მოსახლეობამაც და სახელმწიფოებმაც. თუმცა მოხერხდა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ხალხი, რომელიც ათეულობით წლის წინ ხოცავდა ერთმანეთს, ერთი მაგიდის გარშემო დასხდა და ჯერ ერთიანი ეკონომიკური, შემდეგ კი პოლიტიკური გაერთიანება შექმნა.

ევროკავშირი იყო სამაგალითო გაერთიანება სწორედ იმის გამო, რომ ერთობლივად შეეძლოთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. პირველ რიგში, ეს ყველაფერი იყო ქრისტიანულ იდეოლოგიაზე დამოკიდებული და ნელ-ნელა ეს კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდა – შეიქმნა საერთო ვალუტა და ა.შ.

თუმცა აღმოჩნდა, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობაში უკვე ბოლო წლებია, მოვიდნენ ადამიანები, რომელთაც არანაირი ღირებულებები აღარ გააჩნიათ. აღარ ახსოვთ არც ქრისტიანული ღირებულებები და, საერთოდ, არ ვიცი, ეს რა იდეოლოგიაა, რომელიც პირდაპირ დიქტატს ითხოვს. ახლა კანდიდატ ქვეყნებს ეუბნებიან: ჯერ ხომ წევრები არ ხართ და ვერც იქნებით, სანამ დღესვე არ გააკეთებთ იმას, რაც ჩვენ გვინდაო.

რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა ასეთი დიდი გაერთიანების წევრობა, რომ უფრო მეტი კეთილდღეობა გვქონდეს, რაც გარკვეული სუვერენიტეტის შეზღუდვას ითხოვს. ამაზეც შეიძლება თანახმა ვყოფილიყავით და ვიყოთ ახლაც, თუ ეს მაინც პარტნიორობაზე იქნება დამოკიდებული. მაგრამ თუკი ნორვეგიამ – ასეთმა მდიდარმა ქვეყანამ ევროპაში – სწორედ ამ რეგულაციების გამო უთხრა თავის დროზე უარი, ბრიტანეთმა, რომლის ელჩიც ხშირად გვარიგებს ჭკუას, თავად დატოვა ევროკავშირი სწორედ ამ რეგულაციების გამო, ან თუ ისლანდიის მოსახლეობამ საკუთარ მთავრობას მოლაპარაკებების გაგრძელებაც კი აუკრძალა, არათუ წევრობა, ამიტომ ეს მაგალითები ჩვენ გვაქვს.

ამიტომ, კი ბატონო, ქართველი ხალხის არჩევანი ევროპაა, ოღონდ ევროკავშირის წევრები გავხდებით ჩვენ, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ინტერესების სრული დაცვით. რა თქმა უნდა, საქართველო თბილისში გადაწყვეტს და ქართველი ხალხი აქ გადაწყვეტს საქართველოს ბედს. ჩვენ მარტა კოსის და სხვა ევროკომისრების ჭკუაზე არ ვივლით და ვერც ვივლით – ისინი დროებით არიან ამ თანამდებობებზე, ევროკავშირი რამდენიმე ათეული წლისაა, ხოლო საქართველოს სახელმწიფოებრიობა 3000 წელს ითვლის“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.