„ის უაღრესად გამოცდილი კადრია, რომელსაც მრავალწლიანი საქმიანობა აკავშირებს ძალოვან უწყებებთან და უსაფრთხოების სამსახურთან. მან კარიერული განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია, რაც სისტემისთვის ძალზე მნიშვნელოვანია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, თორნიკე ჭეიშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელზე, თამაზ ბორაშვილზე საუბრისას განაცხადა.
„დღეს საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ბატონი თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას, რომელიც დამტკიცდა ამ თანამდებობაზე. შემდგომ ამას უკვე მოჰყვა პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. რაც შეეხება ბატონი თამაზის პიროვნებას, ის არის უაღრესად გამოცდილი კადრი. ერთი შეხედვითაც, შეუარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ძალოვან უწყებებსა და, კონკრეტულად, უსაფრთხოების სამსახურში საქმიანობისა – 20 წელი და კიდევ უფრო მეტი აქვს მას გატარებული. შესაბამისად, მან კარიერული განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თავად სისტემისთვის.
ჩვენ, როდესაც გვქონდა დღეს შესაძლებლობა, მოგვესმინა მისი ხედვისთვის, გამოჩნდა ზედმიწევნით ჩამოყალიბებული პოზიციები იმასთან მიმართებით, თუ როგორ უნდა განმტკიცდეს კიდევ უფრო მეტად სახელმწიფო უსაფრთხოება და კონსტიტუციური წყობილების დაცვის გარანტიები, როგორ უნდა შეიქმნას მექანიზმები იმ საფრთხეების პრევენციისთვის, რაც ეროვნულ უსაფრთხოებას შეიძლება გამოწვევად ევლინებოდეს. მე პირადად დარწმუნებული ვარ – ისევე როგორც აბსოლუტურად ერთსულოვანი იყო დღეს უმრავლესობა – რომ ბატონი თამაზი უაღრესად ეფექტიანად წარმართავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობას.
რა თქმა უნდა, ბატონმა გეკა გელაძემ იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ის ხელმძღვანელობდა ამ უწყებას, ძალიან ღირსეულად გაართვა თავი შესაბამისი ამოცანების გადაწყვეტას. მოგეხსენებათ, რომ ისიც აგრძელებს მუშაობას ძალიან მაღალ, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.
ბუნებრივია, საქართველოს პარლამენტი და საპარლამენტო უმრავლესობა იქნება აქტიური გულშემატკივარი ჩვენი ძალოვანი უწყებებისა იმ მეტად საშურ საქმეში, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.


