„ევროკავშირი სერიოზული გამოწვევებისა და კრიზისის წინაშეა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, თორნიკე ჭეიშვილმა ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ევროპარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის შესახებ საუბრისას განაცხადა.
ამ ანგარიშს ძალიან დიდი კრიტიკა მოჰყვა ევროპარლამენტარების მხრიდან. უნდა ითქვას ის, რომ უკვე კამათიც კი აღარ სჭირდება იმ მოცემულობას, რომ მართლაც ძალიან სერიოზული კრიზისია საკუთრივ ევროკავშირში. ჩვენ ამას ღირებულებითი კრიზისიც ვუწოდეთ, უფსკრულთან დგომაც და ეს ასე შეფასდა არა მარტო ჩვენი მხრიდან – თუნდაც შეერთებული შტატებიც მიუთითებდა ამის შესახებ ევროკავშირს. შემდეგ მოვისმინეთ აბსურდული განცხადებები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გაფართოების პოლიტიკასა და თანმიმდევრულობას ამ პოლიტიკასთან მიმართებით. ასევე, საქართველოსთან მიმართებითაც არ წყდება იგივე ნარატივი.
ჩაატარეს შავი ზღვის ფორუმი და საქართველო საერთოდ არ იყო გათვალისწინებული, და ასე შემდეგ. საუბრობენ სამხრეთ კავკასიაზე, იქ ჩინეთთან იყო გზავნილები, მაგრამ საქართველო ისევ იგნორირებულია მათი მხრიდან, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ისინი კვლავ აგრძელებენ იმ ანტაგონისტურ პოლიტიკას, რომლითაც გამოირჩევიან ჩვენი ქვეყნის მიმართ.
ჩვენი საზოგადოება ძალიან ბრძნულად მიუდგა ამ გამოწვევას და არ აჰყვა იმ ყალბ ნარატივს, რომელსაც ისინი ძალიან აქტიურად გვთავაზობდნენ და გეგმაც გააჩნდათ. ისინი დღესაც ვერ უსწორებენ თვალს რეალობას, ვერ გამოდიან საკუთარი კომპლექსებისა თუ გზავნილებისა, რომ საქართველოზე, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტორზე, თამამად დაიწყონ საუბარი – მაშინ, როცა საუბარია შუა დერეფანზე, სატრანზიტო არხებზე თუ იგივე დაკავშირებადობის ფუნქციაზე. კარგი იქნება, ელემენტარულად, რუკას დახედონ და შესაბამისი დასკვნები მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთონ.
დღევანდელი ანგარიშიც, თუ საერთო კონტექსტს გავითვალისწინებთ, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ დიდი გამოწვევების წინაშე არიან – იქნება ეს ეკონომიკური გამოწვევები, ღირებულებითი თუ ლიდერთა რეიტინგები“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.


